← მთავარი
სპორტი

[ოფიციალურად] გიორგი ჩაკვეტაძე, "უდინეზეს" პირველი საზაფხულო შენაძენი! | Lelo.Ge

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ოფიციალურად] გიორგი ჩაკვეტაძე,

“უდინეზეს” ზაფხულის სატრანსფერო კამპანია ოფიციალურად იწყება ქართველი შემტევი ნახევარმცველის შეძენით - გიორგი ჩაკვეტაძე ფრიულის რეგიონის კლუბს “უოტფორდიდან” შეუერთდა.

ჩაკვეტაძე სერია A-ს კლუბში სრულფასოვანი ტრანსფერით გადავიდა და “უდინეზესთან” კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.

წარდგენა მოხდა სპეციალური ვიდეორგოლით და ფეისბუქპოსტით, რომელიც საქართველოს მიეძღვნა. ეტყობა, “უდინეზეში” მიიჩნევენ, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებს მხოლოდ სათამაშო უნარებით არ უნდა იცნობდნენ, საინტერესოა ის გარემოც, ის ქვეყანაც, სადაც ისინი დაიბადნენ…

“საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი არის დინამიური და თანამედროვე ნახევარმცველი, კარგი საგოლე ალღოთი. მას შეუძლია ითამაშოს როგორც “ფანტაზისტას” (შემტევი ნახევარმცველი), ისე ცენტრალური და ფლანგის შემტევი შუახაზელის პოზიციაზე. ნამდვილი უნივერსალი “ჯოკერი”, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს მწვრთნელ კოსტა რუნიაიჩის განკარგულებაში არსებულ შემადგენლობას”, - წერს “უდინეზეს” ოფიციალური გვერდი.

“ჩემპიონშიფში გატარებული სამი სეზონის შემდეგ გიორგიმ იგრძნო, რომ იყო დრო, თავი ახალ ასპარეზზე გამოეცადა. ეს რომ ნათელი გახდა, ჩვენ შევისწავლეთ კლუბისა და ფეხბურთელისთვის საუკეთესო ვარიანტი. იყო შემოთავაზებები ევროპის სხვა ქვეყნებიდან, თუმცა ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა ფეხბურთელის შენარჩუნება.

ის არის ძალიან ნიჭიერი მოთამაშე და სერია A-ში მას საშუალება ექნება, უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშოს. “უოტფორდში” ასპარეზობის დროს ის იყო გამორჩეული პროფესიონალი. ახლა მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში მიეცემა საშუალება, დიდი კლუბების წინააღმდეგ ითამაშოს და მიიღოს ახალი გამოცდილება.

მადლობა მას “უოტფორდში” გატარებული დროისთვის და ჩვენ ახლა მოუთმენლად ველით მის განვითარებას “უდინეზეში”, - თქვა ჯანლუკა ნანიმ, ვინც ტექნიკური დირექტორია როგორც “უდინეზეში”, ისე “უოტფორდში”. შეგახსენებთ, რომ ორივე ამ კლუბს ერთი ბიზნესჯგუფი ფლობს.

კარიერული გზა

დაიბადა თბილისში 1999 წლის 29 აგვისტოს. არის თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილი. მთავარ გუნდში დებიუტი 17 წლისას ჰქონდა. 2017 წელს მან ნამდვილი ფურორი მოახდინა - საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩაატარა 24 მატჩი, გაიტანა 5 გოლი, შეასრულა 9 საგოლე გადაცემა და წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა.

გენტი და გერმანული გამოცდილება

ამ შთამბეჭდავმა მაჩვენებლებმა ბელგიურ “გენტს” უბიძგა, ფსონი 18 წლის ფეხბურთელზე დაედო. ბელგიაში გატარებულ პირველ წელს მან ჩემპიონატის 19 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. მომდევნო სეზონში ჩაკვეტაძემ ჩემპიონატის 23 მატჩში 5 გოლი შეაგდო, რასაც ქვეყნის თასზე ჩატარებულ 4 შეხვედრაში გატანილი ერთი გოლიც დაუმატა. 2022 წელს დაეხმარა “გენტს” ბელგიის თასის მოგებაში. ამასთანავე, 4 მატჩი ჩაატარა ევროპალიგაზე. ჩაკვეტაძის ბელგიური კარიერ 2022 წლის იანვრამდე გაგრძელდა. მძიმე ტრავმამ ბევრი გააცდენინა. შემდეგ იჯარით “ჰამბურგში” გადავიდა. გერმანიაში გატარებულ ექვს თვეში მან მე-2 ბუნდესლიგის 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სლოვანი

2022/23 წლების სეზონში “გენტიდან” ის კვლავ იჯარით წავიდა, ამჯერად - ბრატისლავის “სლოვანში”, სადაც ის საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მიიწვია. იქ თამაშობდნენ მისი თანამემამულეები - გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. ეს გარემო მნიშვნელოვანი იყო ჩაკვეტაძისთვის პოსტტრავმული რეაბლიტაციის თვალსაზრისით. სლოვაკეთის ჩემპიონატში 25 მატჩი ითამაშა, გაიტანა 1 გოლი და გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. იმ სეზონში გიორგიმ 6-ჯერ ითამაშა ქვეყნის თასზე, 4-ჯერ - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 2-ჯერ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო კონფერენსლიგაზე (პლეი-ოფის, ჯგუფური ეტაპისა და პლეი-ოფის პირველი რაუნდის ჩათვლით) 10 მატჩი ჩაატარა.

უოტფორდი

2023 წლის ზაფხულში ის “უოტფორდში” გადაბარგდა და მალევე გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა. პირველ წელს ჩემპიონშიფში 34 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, რასაც ინგლისის თასზე ჩატარებული 3 მატჩიც დაემატა. აჩვენა თამაშის სტაბილურად მაღალი ხარისხი. მომდევნო წელს ჩემპიონშიფში მისი მატჩების რაოდენობა 39-მდე გაიზარდა (2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა), ამასთან, თითოჯერ ითამაშა ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასის გათამაშებებში. ბოლო სეზონში მან “უოტფორდის” მაისურა 29 მატჩში მოირგო.

სანაკრებო კარიერა

2018 წლიდან ის საქართველოს ნაკრების ფუნდამენტური ფიგურაა. ეროვნულ გუნდში დებიუტი 18 წლისას ჰქონდა. დღემდე ჩატარებულ 39 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ასევე, მას 3 მატჩი აქვს ჩატარებული 21-წლამდელთა ნაკრებში, 14 მატჩი (1 გოლი) - 19-წლამდელებში, 1 მატჩი - 18-წლამდელთა ნაკრებში და 18 მატჩი (5 გოლი) - 17-წლამდელებში.

← მთავარი