← მთავარი
სამართალი

გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამების გამო, სტრასბურგმა რუსეთს 395 000 ევროს გადახდა დააკისრა

23 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამების გამო, სტრასბურგმა რუსეთს 395 000 ევროს გადახდა დააკისრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე — “მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ” და “ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ” — რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევა დაადგინა. თამარ ონიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთმა გიორგი ანწუხელიძე და სხვა ქართველი სამხედროები მოკლა და აწამა სასამართლომ რუსეთს ჯამურად ყველა მომჩივნისთვის სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 395 000 ევროს გადახდა დააკისრა. დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციას შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა; ასევე გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუთაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება.სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთი ახორციელებდა “ეფექტიან კონტროლს”. შესაბამისად, მოსკოვს ეკისრებოდა ექსტრატერიტორიული იურისდიქცია და ამ პირთა სიცოცხლის დაცვის ვალდებულება. სასამართლოს შეფასებით, ქართველი სამხედროების წამება არ ყოფილა შემთხვევითი ინციდენტი, არამედ წარმოადგენდა მიზანმიმართულ ადმინისტრაციულ პრაქტიკას. საია წერს, რომ ეს არის 2021 წლის სახელმწიფოთაშორისი დავის (Georgia v. Russia II) შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ ინდივიდუალურ საქმეებში განიხილა და დაადგინა რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია და პასუხისმგებლობა სამხედრო ტყვეებთან მიმართებით ომის აქტიური ფაზის დროს (8-12 აგვისტო). ორგანიზაციის ცნობით, თუ წინა სახელმწიფოთაშორის საქმეში სასამართლო მიიჩნევდა, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების პერიოდი “ქაოსის” კონტექსტის გამო არ ექცეოდა რუსეთის სივრცითი იურისდიქციის ქვეშ, ახალი გადაწყვეტილებით ეს მიდგომა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე შეიცვალა. სასამართლომ მიუთითა, რომ ქალაქ ცხინვალში დაკავებული ქართველი სამხედროების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ე.წ. “მცოცავი ანექსიის”, პასპორტიზაციისა და დე-ფაქტო უშიშროების ძალების რუსი მაღალჩინოსნებით დაკომპლექტების გამო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2022 წელს გარიცხეს ევროპის საბჭოდან, მას კვლავ ეკისრება მანამდე დაწყებულ საქმეებზე გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულება. დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, საიამ სტრასბურგის სასამართლოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა წინადადებით, რათა შეიქმნას კომპენსაციის საერთაშორისო მექანიზმი (საკომპენსაციო ფონდი). აღნიშნულმა ფონდმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის კუთვნილი და მის საზღვრებს გარეთ არსებული მატერიალური აქტივების აკუმულირება და მათი გადაცემა დაზარალებული ქართველი მოქალაქეებისთვის. საია უკვე 18 წელია აქტიურად იცავს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში (ჯამში წარდგენილია 53 საჩივარი, სადაც ორგანიზაცია 400-მდე პირის ინტერესებს იცავს) და მომავალშიც გეგმავს მუშაობის გაგრძელებას კომპენსაციების აღსრულების ადვოკატირებისთვის. საიას განცხადება სრულად იხილეთ აქ.

← მთავარი