← მთავარი
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი დააკავეს

3 ივლისი, 2026 · წყარო: civil.ge
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი დააკავეს

28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია.

როგორც მალალიას ბიძამ, კოტე მალანიამ ტელეკომპანია „პირველს“ 1 ივლისს განუცხადა, იგი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ივლისს განაცხადა, რომ ბრალდებული „ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა“.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას გულისხმობს.

28 წლის ექიმსა და კერძო რეპეტიტორ გიგა ავალიანს 2025 წლის 1 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისში, მისი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან დაესხნენ თავს. ის თავის არეში მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.

← მთავარი