"ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
“ტვ პირველის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია, დააკავეს.
დღევანდელ ბრიფინგზე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “შესაძლოა, ის პირი, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი, უკვე დაკავებულიც იყოს”.
“ბოლო დღეებში ერთ-ერთ პირზე იყო საუბარი, მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და, როგორც ამ წუთებში ჩემთვის ცნობილია, შესაძლოა, ის პირი, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი, უკვე დაკავებულიც იყოს”, — თქვა მდინარაძემ.
ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით, გიორგი მალანიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ლანჩხუთში ჩატარდა. შსს-ს დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ. თუმცა უწყების პრესსამსახურიში NEWS.On.ge-ს გიორგი მალანიას დაკავება დაუდასტურა. მათ ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე, გიორგი მალანიას დაკავებას თვეების განმავლობაში ითხოვდა. კუპატაძის ვერსიით, გიორგი მალანია იყო ადამიანი, რომელმაც თავდამსხმელებს გიგა ავალიანის მისამართი მიაწოდა.
“რომ არა გიორგი მალანია, შესაძლოა, დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი ყოფილიყო. ნია იმნაძე ამ ყველაფერს თავის მკვლელ შეყვარებულთან ერთად მაინც სისრულეში მოიყვანდა, თუმცა საქმე ისაა, რომ გიგა პირველ ოქტომბერს მოკლეს, ხოლო ორ ოქტომბერს ჩემი დაბადების დღეა და, სავარაუდოდ, სახლში ერთად წავიდოდით. გიორგი მალანიამ გიგა ავალიანის მკვლელობა დააჩქარა.
გარდა ამისა, გიორგი მალანია საქართველოში ყველაზე საშიში პიროვნებაა, რადგან სახეში გვიყურებდა მე და გიგას და იცოდა, რომ გიგას სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდა დარჩენილი. ბოლო მითითებები, ზუსტად არ ვიცი, რა, მაგრამ მითითებები მან მამასთან ერთად ალექსანდრე გაბაშვილს მისცა. ის მამასთან ერთად მანქანაში იჯდა, როდესაც ალექსანდრე გაბაშვილს ბოლო დეტალებს აწვდიდა. გაკვეთილის დროსაც უპასუხა ალექსანდრე გაბაშვილს. სავარაუდოდ, იმ დროს გიგა ჩაის გასაკეთებლად იყო გასული და ბავშვებთან ერთად გაკვეთილზე მყოფი ესაუბრებოდა მკვლელს,” — აცხადებს ეკა კუპატაძე.
“ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია” — ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს პასუხობს