გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ სამი განაჩენი: მსჯავრდებულ არასრულწლოვნების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა
1 და 2 ივნისს სასამართლომ 28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი განაჩენი გამოიტანა. ახალი განაჩენებით, გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების საერთო რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.
ბრალდებები მოიცავდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას, დანაშაულის შეუტყობინებლობასა და ცრუ ჩვენების მიცემას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ყველა მსჯავრდებულის სასჯელი ავტომატურად ერთი მეოთხედით შემცირდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ 2 ივნისს დემეტრე ჩიქოვანისა და ანა ნასყიდაშვილის საქმეებზე განაჩენი გამოაცხადა. ჩიქოვანი, რომელსაც ცალკე ძალადობის ბრალდებაც ედება, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებისთვის 13 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს, რაც შემცირების შემდეგ 9 წლითა და 9 თვით განისაზღვრა. ნასყიდაშვილს, რომელმაც ჩადენილ დანაშაულზე სამართალდამცავებს არ შეატყობინა, 7 წლიანი სასჯელი მიეკუთვნა, შემცირებული — 5 წელი და 3 თვე.
1 ივნისს კიდევ ერთ არასრულწლოვანს, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის გამო, 4 წლის სასჯელი დაეკისრა, რომელიც 3 წლამდე შემცირდა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა 24 მარტს, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, „მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ჩვენება” მისცა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, გაბაშვილი და რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.