ღარიბაშვილი: ”კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი ჩემი ციხეში ჩასმა იყო
ექსპრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი თქმით, იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ის ახლა პატიმრობაში იმყოფება.
“მინდა, საზოგადოებას სიმართლე ვუთხრა, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ. “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა თავიდან ამერიდებინა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.
სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.
მაგრამ, ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ, მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემს მიერ მისი აღიარება.
ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა”. - წერს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას!
ცნობისთვის, 17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან Facebook-ზე პოსტი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს და “სხვა გზა არ დაუტოვეს”, რომ წინ არ აღუდგეს “ღირსების შემლახავ ბოროტებას”.
“ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!” - წერდა ღარიბაშვილი პოსტში.