← მთავარი
პოლიტიკა

გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა საქართველოში მისია დაასრულა

1 ივლისი, 2026 · წყარო: civil.ge
გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა საქართველოში მისია დაასრულა

გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა, რომელიც ამ პოსტზე 2022 წლიდან მსახურობდა, 30 ივნისს მისიის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ფიშერი  თბილისის ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული კურსის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ოპონენტი იყო და არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნებისა“ და სახელისუფლებო მედიის კრიტიკის სამიზნე, რომლებიც მას რადიკალიზმის წახალისებაში, ოპოზიციის მხარდაჭერასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ფიშერმა დაწერა: „ჩვენი უფლებამოსილების ვადა  საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen“. X-ის პოსტს თან ახლავს მისი ფოტო 9 აპრილის მემორიალთან, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, და პიტერ გებრიელის სიმღერა „Won’t Stand Down“.

ყაზახეთში ვიზიტისას ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კვლავ დაადანაშაულა ფიშერი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისთვის „დიდი ზიანის“ მიყენებაში.

„ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ პირიქით ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა: „ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის წლების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო და გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, რასაც ვიყავით მანამდე მიჩვეული“.

← მთავარი