← მთავარი
სპორტი

[განახლებული. VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] გერმანია 1:1, პენ 3:4 პარაგვაი. ...მათ ჰქონდათ თავიანთი კოზირი და ამ კოზირმა გაჭრა...

30 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[განახლებული. VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] გერმანია 1:1, პენ 3:4 პარაგვაი. ...მათ ჰქონდათ თავიანთი კოზირი და ამ კოზირმა გაჭრა...

მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი

გერმანია 1:1, პენ 3:4 პარაგვაი

30.06. ბოსტონი. “ჯილეტ სთედიუმი”. 63 945 მაყურებელი

გოლები: 0:1 ენსისო (42. გალარსას პასით), 1:1 ჰავერტცი (54. ვირტცის პასით)

პენალტებს სერია: 0:0 ჰავერტცი (მეკარე), 0:1 მაურისიო, 1:1 კიმიხი, 1:2 გ. გომესი, 2:2 მუსიალა, 2:3 გალარსა, 2:3 ვოლტემადე (მეკარე), 2:3 სანაბრია (აცილება), 3:3 ამირი, 3:3 ბალბუენა (მეკარე), 3:3 ტაა (აცილება), 3:4 კანალე

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი 6.8* - კიმიხი 7.3, ტაა 7.3, რიუდიგერი 7.9 (110. ტიავი), ბრაუნი 7.2 - ნმეჩა 6.3 (46. გორეტცკა 6.5), პავლოვიჩი 6.7 (70. ანტონი 6.5) - სანე 6.3 (88. ვოლტემადე 6.4), ვირტცი 8.6 (110. ამირი), ჰავერტცი 7.2 - უნდავი 5.9 (63. მუსიალა 7.1)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

პარაგვაი (4-4-2): ხილი 8.5 - კასერესი 6.8 (99. ოხედა 6.4), გ. გომესი 5.9, კანალე 8.0, ალონსო 6.3 (120+2. ბალბუენა) - ალმირონი 6.5 (91. ველასკესი 6.4), ბობადილია 7.3 (99. სანაბრია 6.2), კუბასი 6.9, გალარსა 6.9 - ენსისო 7.1 (57. მაურისიო 7.3), ავალოსი 5.8 (56. კაბალიერო 7.0)

მწვრთნელი: გუსტავო ალფარო

გაფრთხილება: კუბასი (65), ჰავერტცი (106), მუსიალა (115), გალარსა (117)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ორლანდო ხილი (პარაგვაი)

არბიტრი: ჯ. ჯაიედი (მაროკო)

რატომ აწვალებს იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებს და მის ერთგულ ქომაგს? - ეს კითხვა, ალბათ, ბევრს გაუჩნდა პარაგვაისთან საპლეიოფო თამაშის დროს. პარაგვაელთა სამწვრთნელო შტაბმა გერმანიას თავს მოახვია თამაშის მისთვის სასურველი სცენარი, ჩაჯდა ყრუ დაცვაში და ბურთი დაუთმო მეტოქეს.

რა დიდი გუმანი უნდოდა იმას, ასე რომ მოხდებოდა და პარაგვაი თავდაცვით სანგრებს გათხრიდა მინდორზე? ასეთ დროს განა უმჯობესი არ იქნებოდა, მწვრთნელს აქცენტი თავიდანვე “ბაიერნის” კადრებზე - ლეონ გორეტცკასა და ჯამალ მუსიალაზე გაეკეთებინა?

გასაგენია, ისინი სასწაულად ვერ ჩაერთვნენ თამაშში, მაგრამ ძირითადში რომ ყოფილიყვნენ, ვფიქრობთ, ამ ფორმაციის გერმანიაც კი მეტს და უფრო ადრე გაიტანდა. სწორედ ისინი არიან მინდორზე მაშინ, როცა მიუნხენური გრანდი უდაბლესი დაცვითი ბლოკით მოასპარეზე მეტოქეებისგან ქვას ქვაზე არ ტოვებს.

ან კიდევ, რას უნდა მივაწეროთ ლეროი სანეს მიმართ გადაჭარბებული ნდობა? იმ სანესადმი, ვინც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საშინელი მატჩი ჩაატარა.

ასე იყო თუ ისე, პირველ ტაიმში ხულიო ენსისოს თავურს მეორეში კაი ჰავერტცმაც თავურითვე უპასუხა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. ჰავერტცს ეხერხება დიდ მატჩებში გატანა და მან ამჯერადაც ივარგა - გეხსომებათ, მას ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში აქვს გატანილი…

საქმე მივიდა 11-მეტრიანების სერიამდე. იქ ნამდვილი სასწაული დატრიალდა. პარაგვაიმ მაგრად დაიწყო და ორი პენალტიდან ერთი რომ გაეტანა, მერვედფინალში გადიოდა. ერთ შემთხვევსაში ბურთი კარს ასცდა, მერე მანუელ ნოიერმა იმარჯვა.

თითქოს, გერმანიას ჰქონდა ფსიქოლოგიური უპირარესობა, მაგრამ… ჯონათან ტაამ ჰაერში გასტყორცნა ბურთი, არგენტინული “ლანუსის” ნახევარმცველმა ხოსე კანალემ კი უშეცდომოდ დაარტყა და გერმანია სახლში გაუშვა!

თავისი მივუზღათ პარაგვაის. ძალიან რთულია ასე ფეხბურთის თამაში. 90 წუთი დაცვაში ყოფნა, დაზღვევები, კონტრშეტევები - სამხრეთამერიკელებს თავიანთი კოზირი ჰქონდათ და ამ კოზირმა გაჭრა.

ფაქტები

პარაგვაის ნაკრებმა ძირითად დროში მუნდიალზე ნათამაშები ბოლო 9 მატჩიდან წააგო მხოლოდ ერთი ისეთი შეხვედრა, რომელშიც მოგებული ჰქონდა პირველი ტაიმი.

ხულიო ენსისო ისტორიაში შევიდა - პარაგვაიმ მეექვსე მატჩი ჩაატარა მსოფლიოს ჩემპიონატების პლეი-ოფში და პირველი გოლი გაიტანა. ეს გოლი სწორედ ენსისო ეკუთვნოდა.

2014 წლის შემდეგ გერმანიის ნაკრებმა პირველად ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში.

2014 წლის მუნდიალის ფინალის (არგენტინასთან) შემდეგ მანუელ ნოიერს გერმანიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატებზე “მშრალი” მატჩი არ ჩაუტარებია.

პარაგვაის ნაკრებმა, არსებობის ისტორიაში, მეორედ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატების პლეი-ოფში. პირველად ეს იყო 2010 წელს, როცა მერვედფინალში ასევე პენალტების სერიაში დაამარცხა იაპონია, მეოთხედფინალში კი წააგო მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან (0:1).

გერმანიამ მეთორმეტედ ითამაშა დამატებითი დრო მუნდიალების პლეი-ოფებში. ეს სარეკორდო მაჩვენებელია. ამასთან, ბუნდესნაკრები პირველად დამარცხდა პენალტების სერიაში.

კაი ჰავერტცმა მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში 5 გოლი მიითვალა.

← მთავარი