[VIDEO] ვაი პარაგვაისგან - გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა!
“დასასრული” - გერმანიის ეროვნული გუნდის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში ერთი სიტყვით მოახდინა შედეგზე რეაგირება.
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პარაგვაიმ, რომელმაც ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით გადალახა, სენსაცია შემოგვთავაზა და გერმანია პენალტების სერიაში დაამარცხა.
პარაგვაიმ მეტოქეს თამაში ჩაუკეტა, გასაქანი არ მისცა და პირველი ტაიმის ბოლოს, ერთ-ერთი იშვიათი კონტრიერიშისას ენსისომ თავურით დალაშქრა ნოიერის კარი. შესვენების შემდეგ კიმიხის შეცდომის შედეგად ენსისოს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ნოიერმა არ გაატანინა. მერე კი ჰავერცმა გაათანაბრა ანგარიში. ეს კარში გერმანელთა პირველი დარტყმა იყო. ძირითად დროში მეტი გოლი არ გავიდა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.
უპირატესობას უკვე გერმანელები ფლობდნენ. 102-ე წუთზე კუთხურიდან ბრაუნის ჩაწოდებულ ბურთს ტამ ხილის კარში მიუჩინა ადგილი, თუმცა ანტონის მხრიდან მეკარეზე უხეშობა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც უკეთესად სამხრეთამერიკელებმა შეასრულეს.
პარაგვაი 4 ივლისს, 1/8-ფინალში, საფრანგეთსა და შვედეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ფოქსბორო. „ჯილეტ სთედიუმი“
გერმანია - პარაგვაი პენ 3:4 (ძირ. და დამ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 ენსისო (42), 1:1 ჰავერცი (54)
-
გერმანიამ დიდ ტურნირებზე 1976 წლის შემდეგ პირველად განიცადა მარცხი თერთმეტმეტრიანების სერიაში.
-
ნოიერმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 23-ე მატჩი ჩაატარა სასტარტოდან და გერმანიის ნაკრების რეკორდი დაამყარა. მან ზედიზედ მე-10 შეხვედრაში გაუშვა გოლი - ეს ტურნირის ანტირეკორდის განმეორებაა.
-
გერმანიას 2014 წლის შემდეგ მუნდიალებზე გოლგაუშვებლად მატჩი არ ჩაუტარებია.
თეგები:
გერმანიის ნაკრები
პარაგვაის ნაკრები
გაზიარება:
(5) /
(0)