ჩეჩენი, რუსი, თუ აზერბაიჯანელი? - რას წერს მედია საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობაშია ბრალდებული: გახმაურებული საქმის ახალი დეტალები
პოლონური მედიის ინფორმაციით, ბიალა პოდლასკაში რუსი ხელოვანის, კარიკატურისტის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე საუბრობდა როგორც რუსულ, ისე აზერბაიჯანულ ენებზე.
“აგენტსტვოს“ ჟურნალისტები დაუკავშირდნენ იმ პირებს, რომლებიც იმავე ჰოსტელში იმყოფებოდნენ, სადაც მკვლელობაში ბრალდებული ელნურ ა. დააკავეს.
მამაკაცმა, რომელიც პოლონეთში რუსი ხელოვანის, სემიონ სკრეპეცკის (ნამდვილი სახელი - რობერტ კუზოვკოვი) მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ვარშავის გარეუბანში მდებარე ჰოსტელში ადგილობრივი სპეცსამსახურების ოპერაციამდე ერთი დღით ადრე გაიარა რეგისტრაცია - განუცხადეს ჟურნალისტს ჰოსტელის სხვა სტუმრებმა. სამმა მათგანმა დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი რუსულად ლაპარაკობდა. იქ მყოფმა ერთ-ერთმა ქალმა კი დასძინა, რომ მან აზერბაიჯანული ენაც იცოდა. “ის საქართველოდან მოსული აზერბაიჯანელი იყო“, - თქვა მან. საქართველოს მოქალაქე 18 ივნისს, დილით, ვარშავის მახლობლად, პიასტოვში დააკავეს. “აგენტსტვოს“ რედაქტორი ხუთშაბათს საღამოს ეწვია ჰოსტელს და მის ბინადრებს ესაუბრა. ეს არის ჰოსტელი პოლონეთში მომუშავე უცხოელებისთვის. ეზოში სულ 15-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმეტესობა კავკასიიდან იყო. იმავე შენობაში, სადაც ჰოსტელია, ქართული რესტორანიც მუშაობს. სამი სტუმრის თქმით, ეჭვმიტანილი ჰოსტელში დაკავების წინა დღეს, საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე მივიდა. მან მოითხოვა ერთადგილიანი ნომერი, თუმცა თავისუფალი ადგილების არქონის გამო იგი მრავალადგილიან ოთახში მოათავსეს. სხვა სტუმრებმაც დაადასტურეს, რომ ეს მამაკაცი მანამდე ჰოსტელში არასდროს უნახავთ, ხოლო მისი მოსვლის შესახებ მხოლოდ დილით შეიტყვეს, როდესაც ის დააკავეს. არცერთ ადამიანს, ვისაც ვესაუბრეთ, არ შეეძლო დაესახელებინა დაკავებულის გვარი, საიდან ჩამოვიდა ან საით მიდიოდა. “მას მხოლოდ პატარა ზურგჩანთა ჰქონდა თან“, - აცხადებენ რესპონდენტები. საქართველოს მოქალაქის დაკავება და პოლონური მხარის ინფორმაცია მამაკაცის დაკავების ოპერაცია დილით, დაახლოებით 7:00–7:30 საათზე დაიწყო. ეჭვმიტანილის აყვანის შემდეგ, ჰოსტელის დანარჩენი მაცხოვრებლები მოწმის სტატუსით დაკითხეს. არსებული ინფორმაციით,პოლონეთის სპეცსამსახურების ოპერაციის დროს ჰოსტელში სროლის ხმა ისმოდა, თუმცა არავინ დაშავებულა. მოწმეების ვარაუდით, გასროლები გამოწვეული იყო იმით, რომ სამართალდამცველები კარების საკეტებს ამტვრევდნენ.
პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებული იყენებდა პასპორტს, რომელიც გაცემული იყო საქართველოს 36 წლის მოქალაქეზე. ამავდროულად, გამოცემები Onet და RMF FM იტყობინებოდნენ, რომ პასპორტი შესაძლოა ყალბი იყოს, ხოლო თავად დაკავებული, სავარაუდოდ, ჩეჩენია.
სპეცსამსახურების კოორდინატორი მინისტრის, ტომაშ სემონიაკის განცხადებით, სამსახურები გეგმავენ დეტალურად შეისწავლონ მკვლელობაში უცხოური სპეცსამსახურების მონაწილეობის საკითხი. მკვლელობა ბიალა პოდლასკაში სემიონ სკრეპეცკი 15 ივნისს, დილით, ბიალა პოდლასკაში მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელი მას სახლის წინ მიუახლოვდა, ორჯერ ესროლა მოკლელულიანი იარაღიდან, ხოლო მას შემდეგ, რაც სკრეპეცკი დაეცა, კიდევ სამი გასროლა მოახდინა ახლო მანძილიდან. სხეულზე ნაპოვნია შვიდი ნატყვიარი - ხუთი შემავალი და ორი გამავალი ჭრილობა. მკვლელობის ადგილზე ნაპოვნია ხუთი მასრა და 9 მმ კალიბრის Luger GEC-ის ტყვია. იგივე კალიბრის ვაზნები იქნა გამოყენებული 2019 წელს ბერლინში ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისას. სკრეპეცკის მეუღლემ, ვიქტორია ივანიცკაიამ მკვლელობის შემდეგ განაცხადა, რომ ის შვილებთან ერთად პოლონეთის სპეცსამსახურების დაცვის ქვეშ იმყოფება. სკრეპეცკი ცნობილი იყო თავისი კარიკატურებით, რომლებშიც გამოსახავდა ვლადიმერ პუტინს, რამზან კადიროვს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და სხვა პოლიტიკოსებს. პოლონეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მკვლელობას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. მანამდე ამ საქმეზე ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავეს, თუმცა ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.