← მთავარი
სამართალი

"გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე იყო მისული, იმდენად არ ელოდებოდა ამ ყველაფერს" - "საქართველოს რკინიგზის" საქმეზე დაკავებული გიორგი მარუქაშვილის ადვოკატი

17 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული გიორგი მარუქაშვილის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

როგორც ადვოკატმა სუს-ში ბრალის წარდგენამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მარუქაშვილი მანამდე გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა დაკავებას არ ელოდებოდა.

„გუშინ დააკავეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და სხვა ადამიანები. ამ ეტაპზე პოზიცია არ ვიცი, რადგან ბრალი წარდგენილი არ აქვს. საქმის მასალები არის 40 ტომი. შესაბამისად, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება მასალების გაცნობას და პოზიციის ჩამოყალიბებას. ახლა შევდივართ, ბრალის წარდგენის პროცედურა იწყება და რომ გამოვალ, უფრო მეტს მოგახსენებთ. ამ ეტაპზე ის ვიცი, რომ დაკავებულია. გუშინ შევხვდი, გავესაუბრე. გამოკითხვებზე დადიოდა, გამოკითხული იყო. ადვოკატის გარეშე იყო მისული, იმდენად არ ელოდებოდა ამ ყველაფერს, რადგან აბსოლუტურად არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. ადვოკატის გარეშე, გულწრფელად მივიდა და მისცა ინფორმაცია, რასაც საქმესთან დაკავშირებით ფლობდა”, - განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო უწყებაში 2-ჯერ იმყოფებოდა, ბოლო დროს კი დაახლოებით 1 თვის წინ. ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაკავებულ 6 და ძებნაში მყოფ 2 პირს, მათ შორის, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს ბრალდება დღეს წარედგინება. დაკავებული პირები არიან: ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, გიორგი კურტანიძე, მალხაზ ომარაშვილი, გიორგი მარუქაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი. ძებნაში იმყოფება დავით ფერაძე და კიდევ ერთი პირი. ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.

← მთავარი