„საქართველოს პარლამენტი გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე მიწვეული არ არის" - ევროპარლამენტი
ევროპარლამენტის პრესსამსახური “ევროსკოპს” უდასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის მიწვეული გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 24 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართება. “ევროსკოპისთვის” მიწერილ განცხადებაში, საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
საქართველოს პარლამენტი არ არის მიწვეული გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2026 წლის 24 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართება. ევროპარლამენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. ევროპარლამენტმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები მხოლოდ მკაცრი აუცილებლობის საკითხებით შემოიფარგლოს, ხოლო ამავდროულად შენარჩუნდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, დამოუკიდებელ მედიასთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან. ევროპარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის,” - წერია “ევროსკოპისთვის” გაგზავნილ პრესსამსახურის განცხადებაში.