საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სტამბოლის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
„ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა 8 ივნისს სტამბოლში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრა სტამბოლის დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სატრანსპორტო დაკავშირებადობის და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე. სპეციალურად აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრულფასოვანი ამოქმედებისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა.
ბოჭორიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ დღეს შევიკრიბეთ პარტნიორებად, რომლებსაც გვაერთიანებს მშვიდობის, კეთილდღეობისა და განვითარების საერთო ხედვა.” მინისტრმა დადებითად შეაფასა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების „დინამიკა”, ასევე თურქეთ-სომხეთს შორის „ნორმალიზების მიმართულებით” მიღწეული პროგრესი.
მხარეებმა შეთანხმდნენ, რომ მომდევნო, რიგით მეთერთმეტე მინისტერიალი რიგითობის პრინციპის შესაბამისად საქართველოში გაიმართება.