ქართველი პოლიტიკოსები ფაშინიანს ულოცავენ — სომხეთის პრემიერი კი თბილისსა და დასავლეთს შერიგებაზე საუბრობს
7 ივნისს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო კონტრაქტმა”, ხმების 49.81% მოიპოვა — ეს, სავარაუდოდ, ფაშინიანს დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს. პრორუსული „ძლიერი სომხეთის” ალიანსმა 23.29% მიიღო.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეგზით პოლის შედეგების გამოქვეყნებისთანავე, ღამის 21:05 საათზე, გამარჯვება მიულოცა: „სომხეთმა მტკიცედ აირჩია თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. ეს ამყარებს ჩვენი რეგიონის ადგილს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში. ქართველი ხალხი სრულ სოლიდარობას გიცხადებთ!”
„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღამის 23:14 საათზე X-ზე განაცხადა: „გულწრფელად ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.”
ოპოზიციური „ფედერალისტების” ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დაწერა: „სომხეთი ერთადერთ სწორ გზაზე დარჩა. ჩვენც გავსწორდებით. თავისუფალ სომხეთს და თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს.”
გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანს ქართველმა ჟურნალისტმა ჰკითხა, საქართველოს გაყინული ურთიერთობები დასავლეთთან ხომ არ ართულებს ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთობლივ გზას. ფაშინიანმა განაცხადა: „ჩვენ დაინტერესებულები ვართ საქართველოსა და ევროკავშირის, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შერიგებით. ეს ჩვენი პოზიციაა. ჩვენი მოძმე ქვეყნის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება და გაღრმავდება.”