← მთავარი
პოლიტიკა

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს

19 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს

EU NEIGHBOURS EAST-ის 2026 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული ქართველების 71% კვლავ ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს. ორგანიზაციის განცახდებაში ვკითხულობთ, რომ გამოკითხულთა 67%-თვის ევროკავშირი კვლავ სანდო საერთაშორისო აქტორად რჩება. კვლევამ აჩვენა, რომ იკლო იმ ადამიანთა რიცხვმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს (მაჩვენებელი 2025 წელს 63%-ს შეადგენდა, წელს კი 60%-ზე ჩამოვიდა). გამოკითხულთა 49%-ს სჯერა, რომ საქართველო წევრობისკენ სწორი მიმართულებით არ მიიწევს. 56%-ის აზრით, “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი კანონები უარყოფითად აისახება გაწევრიანების პროცესზე”. გამოკითხულთა 87% თანხმდება, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს. ორგანიზაციის განმარტებით, ევროკავშირთან დაკავშირებულ სარგებელზე დადებითი აღქმა კვლავ მაღალია — 76% ევროკავშირთან სიახლოვეს ახალ შესაძლებლობებთან აკავშირებს, ხოლო 75% ამბობს, რომ გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს. გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ ევროკავშირი “საკუთარ ღირებულებებს ახვევს თავს” და 51%-ს სჯერა, რომ “ევროკავშირს ფარული ინტერესები აქვს”. EU NEIGHBOURS EAST პროგრამა საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევას 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ატარებს. კვლევა 2026 წლის იანვარ-თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა.

← მთავარი