მეუღლისა და შვილის ტრაგედია, ჩაშლილი 89 წლის იუბილე და ლეგენდარული მუსიკოსის ბოლო დღეები: "ძალიან მძიმედ იყო - ვეღარც ჭამდა" - ხმა, რომელიც მსმენელს არასოდეს დაავიწყდება
89 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ანსამბლ “ორერას” სოლისტი გენო ნადირაშვილი. ის იყო “ორერას” პირველი თაობის წარმომადგენელი, სიცოცხლის ბოლომდე კი ანსამბლის ხელმძღვანელი. გამოირჩეოდა მრავალმხრივი მუსიკალური ნიჭით. უკრავდა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, მათ შორის, კონტრაბასზე, საყვირსა და ბას-გიტარაზე. მისი შესრულებით არაერთი ქართული, თუ უცხოენოვანი სიმღერა თავიდანვე შეიყვარა მსმენელმა: გოგი ცაბაძის „”მინდა,“ ფრენკ სინატრა my way, Strangers in the night…2018 წელს ფილარმონიასთან გენო ნადირაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
AMBEBI.GE “ორერას” ახალგაზრდა წევრს ესაუბრა, რომელმაც უფროსი მეგობარი, კოლეგა და ანსამბლის ხელმძღვანელი დიდი მწუხარებით გაიხსენა…
დამშვიდობება ლეგენდასთან და გენო ნადირაშვილის პიროვნება
-
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს და ბატონი გენოს ოჯახს ამ საშინელ ამბავს… გენო საოცარი ადამიანი იყო. ჩვენი ქალაქის ნამდვილი კოლორიტი გახლდათ. ვინც მას ახლოს და პირადად იცნობდა, ყველა დამეთანხმება, რომ თავისი პროფესიონალიზმით გამორჩეული კაცი იყო.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, გვერდით ისე ამოგვიდგებოდა ხოლმე, რომ ამ სხვაობას ვერც სცენაზე და ვერც რეპეტიციებზე ვერ იგრძნობდით. არანაირად არ გაგრძნობინებდა ასაკს, თანატოლივით იყო. ამასთანავე, საოცარი ნიჭით იყო დაჯილდოებული. 89 წლის ხდებოდა სამ დღეში და ამ ასაკში ყველა სიმღერის ტექსტი, თავისი ხმების პარტიები, აბსოლუტურად ყველაფერი ზეპირად ახსოვდა…სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ძალიან მძიმედ იყო - ვეღარც ჭამდა და ვეღარც საუბრობდა. თუმცა გონებაზე ბოლო წუთამდე იყო. მივდიოდით, ვნახულობდით და თვალებით გვესაუბრებოდა ხოლმე, სიტყვებით ვეღარ გამოხატავდა იმას, რისი თქმაც უნდოდა. როგორ გახდა გიორგი წიკლაური ლეგენდარული “ორერას“”წევრი.
- როდის გაიცანით ბატონი გენო და როგორ გახდით “ორერას” წევრი. მანამდე, ცხადია, მხოლოდ შორიდან იცნობდით მას…
-
ჩემი და “ორერას” ტანდემი საქართველოს ფარგლებს გარეთ შედგა, ერთ-ერთ ღონისძიებაზე. იქ „ორერაც“ იღებდა მონაწილეობას და მეც, როგორც სოლისტი. იმ კორპორატიულ საღამოზე ერთად მოგვიწია მუშაობა. იქ მომისმინეს… საერთოდ, მგონი, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც „ორერას“ სიმღერებზე არ გაზრდილა და მათი რეპერტუარი არ იცის. მეც, რა თქმა უნდა, ყველა სიმღერა ვიცოდი. იმ ღონისძიების შემდეგ „ორერას“ ბიჭებისგან და ბატონი გენოსგან წამოვიდა შემოთავაზება, ხომ არ ვისურვებდი მათთან ერთად ანსამბლში ყოფნას, რადგან გეგმავდნენ „ორერას“ განახლებას. მე, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გამოვთქვი სურვილი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ამ ლეგენდარული ადამიანების გვერდით სცენაზე ერთად დავდგებოდი და, მით უმეტეს, ამ ანსამბლის წევრი გავხდებოდი. ეს ჩემთვის წარმოუდგენელი ბედნიერება და უზარმაზარი პასუხისმგებლობა იყო, რომელიც დღემდე მომყვება.ეს დაემთხვა იმ წელს, როდესაც „ორერას“ ვარსკვლავი გაიხსნა - 2005 წელს… მადლობა უფალს, რომ ეს წილად მერგო. „ორერა“ უზარმაზარი სკოლაა, ეს არის სულ სხვა დონის პროფესიონალიზმი. წარმოიდგინეთ, რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ უკვე მსმენელის წინაშე ამ ადამიანების გვერდით უნდა დავმდგარიყავი. მას შემდეგ 20 წელი გავიდა. მაშინ ბატონი გენო სადღაც 69 წლის იქნებოდა. ბოლო პერიოდში, სიცოცხლეშიც და სხვადასხვა გადაცემაში სტუმრობისას, სულ აანონსებდა და ამბობდა: “ჩემს შემდეგ შენ უნდა გააგრძელო „ორერას“ მუსიკალური ხელმძღვანელობაო“. ვეუბნებოდი: “რას ამბობთ, ბატონო გენო, მაგაზე ფიქრიც კი ადრეა-მეთქი“, მაგრამ, აი, სამწუხაროდ, დადგა ეს დღეც…ანსამბლის ცხოვრება ბოლო წლებში და რეპერტუარი.
- როგორი იყო ეს 20 წელი თქვენთვის “ორერასთან” ერთად? ანსამბლში ბოლო პერიოდში ხუთნი იყავით, ხომ?
- დიახ, ბოლო 20 წელია ხუთნი ვიყავით: გენო ნადირაშვილი, ბატონი თემურ დავითაია, ზურაბ მირზიაშვილი, გენო ნადირაშვილი და მე. ანსამბლის ხელმძღვანელი ბატონი გენო გახლდათ. გვქონდა კონცერტები, გასვლები, კორპორატიული საღამოები. ახლაც ვგეგმავდით საზაფხულო ტურნეს, მაგრამ გენომ გვითხრა, რომ შეუძლოდ იყო და ვეღარ წამოვიდოდა. თუმცა, ყოველთვის დიდ სტიმულს გვაძლევდა: „თქვენ მაინც უნდა წახვიდეთ, მე კი სულითა და გულით თქვენთან მიგულეთო“ .ძირითადად ძველი რეპერტუარის განახლებულ ვერსიებს ვაკეთებდით, რადგან ეს სიმღერები ყველასთვის საყვარელი და ნაცნობია - გიორგი ცაბაძის, ვაჟა აზარაშვილის და სხვა გენიოსი კომპოზიტორების შემოქმედება. თავად გენოს დიდი სურვილი იყო, რომ ეს ძველი სიმღერები ახალი ჟღერადობით გაგვეკეთებინა, თუმცა ისე, რომ ორიგინალური, ნამდვილი ჰარმონიული და მელოდიური ნახაზი არ დარღვეულიყო. მაქსიმალურად ვცდილობდით ამის შენარჩუნებას.მაგალითად, ცაბაძის სიმღერების პოპური გვქონდა გაკეთებული, რამდენიმე სიმღერა შედიოდა, რომლებსაც გენო ასრულებდა.გენო ნადირაშვილი ოჯახური ტრაგედიები და ბოლო დღეები
- ბატონ გენოს ცხოვრებაში პირადი ტრაგედია ჰქონდა. მეუღლე ადრე დაკარგა და რამდენიმე წლის წინ - უფროსი ვაჟი.
-
დიახ, მეუღლე მართლაც ძალიან ადრე გარდაეცვალა. უფროსი შვილიც დაეღუპა, დაახლოებით 60 წლამდე იქნებოდა. მეორე შვილი გოგოა - ეკა, რომელიც ძალიან პატრონობდა და უვლიდა. ეკას თავისი ოჯახი, მეუღლე და შვილები ჰყავს. ბატონი გენო, ფაქტობრივად, მარტო ცხოვრობდა, თუმცა ეკაც იქვე, იმავე კორპუსში ცხოვრობს და სულ მასთან იყო.
- ბატონ გენოზე კიდევ რაიმე ისტორია ხომ არ გაქვთ? ახსენეთ, რომ “ორერის” შესახებ წიგნის დაწერასაც გეგმავდით.
-
დიახ, ძალიან მინდოდა და გეგმაში გვქონდა „ორერას“ ისტორიული წიგნის გამოშვება, თავისი ოქროს დისკით - ანსამბლის თავგადასავლები და ისტორია პირველი დღიდან დღემდე. მუშაობა დაწყებული გვქონდა. გენო იხსენებდა ხოლმე ყველაფერს, ჩვენ კი ვიწერდით. თემურიც გვეხმარებოდა - ის ხომ ანსამბლის ნამდვილი მემატიანეა, ყველაფერი თვეების, დღეებისა და საათების სიზუსტით ახსოვდა, სახელები და გვარებიც კი. სამწუხაროდ, გენოსთან ერთად ამ წიგნის დასრულება ვერ მოვასწარით. „ორერას“ ხომ უზარმაზარი, 65-წლიანი ისტორია აქვს. ის პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი იყო საქართველოში, რომელიც რობერტ ბარძიმაშვილმა შექმნა. საბჭოთა კავშირის დროს, როცა ქვეყნიდან ჩიტი ვერ გაფრინდებოდა, „ორერა“ ხუთივე კონტინენტზეა ნამყოფი. მილიონობით ფირფიტა აქვთ გაყიდული. ანსამბლის წევრებიც საოცრად ნიჭიერები იყვნენ - ბუბა კიკაბიძე, ზურიკო იაშვილი და სხვები… სამწუხაროდ, ეს ლეგენდები მიდიან და ეპოქა მთავრდება.
- სამწუხაროა, რომ თავის დაბადების დღეზე ფაქტობრივად ისე მოხდა, რომ გარდაცვლილია…
- სამ დღეში დაბადების დღე ჰქონდა. ჩვენ, ბიჭებს, სულ სხვანაირად გვქონდა ყველაფერი დაგეგმილი, სიურპრიზის გაკეთება გვინდოდა, სხვადასხვა ვერსიას განვიხილავდით. თუმცა, თავად თითქოს გრძნობდა რაღაცას… ყოველ წელს დიდი ამბით აღნიშნავდა ხოლმე დაბადების დღეს, წელს კი ამბობდა: „ვიცი, წელს ვერაფერს ვერ გავაკეთებო“.
AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს გენო ნადირაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ლეგენდარული სოლისტის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს
წაიკითხეთ ასევე:
გარდაიცვალა მუსიკოსი, ლეგენდარულ ანსამბლ “ორერას“ სოლისტი გენო ნადირაშვილი