ნებისმიერი გემის შემოსვლა ექვემდებარება მკაცრ კონტროლს - საზღვაო სააგენტო UK-ს სანქციებზე
“საქართველოს ნავსადგურებში ნებისმიერი გემის შემოსვლა ექვემდებარება მკაცრ სამართლებრივ, სანქციურ და უსაფრთხოების კონტროლს. საქართველო არ წარმოადგენს და ვერ გახდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა” - აცხადებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რითაც ეხმიანება გაერთიანებული სამეფოს მიერ გემი SILVAR-ის დასანქცირებას.
სააგენტოს განცხადებით, გემი ყულევის საზღვაო ნავსადგურში იმყოფებოდა 2026 წლის თებერვალში, რა დროსაც, “არ იყო სანქცირებული გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და გაეროს სანქციური რეჟიმების ფარგლებში”.
“შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს ხსენება იმ კონტექსტში, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია და საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით.
გემის საქართველოში შემოსვლამდე საქართველოს კომპეტენტურმა უწყებებმა, მოქმედი კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად, განახორციელეს მრავალდონიანი სანქციური და სამართლებრივი შემოწმება. შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა არც გემის, არც მისი მფლობელის, არც ოპერატორისა და არც სხვა დაკავშირებული პირების მიმართ მოქმედი საერთაშორისო სანქციები ან სამართლებრივი შეზღუდვები.
SILVAR იმ პერიოდში ცურავდა პანამის დროშის ქვეშ, ფლობდა მოქმედ კლასს Lloyd’s Register-ისგან (გაერთიანებული სამეფო), უზრუნველყოფილი იყო მოქმედი P&I და Hull & Machinery დაზღვევით, ხოლო მისი რეგისტრირებული მფლობელი და ტექნიკური მენეჯერი სრულად იდენტიფიცირებული იყვნენ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 5 დეკემბერს გემს დანიის სამეფოში, სკაგენის საღუზე რაიონში, Paris MoU-ს ფარგლებში ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის (PSC) ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა მხოლოდ ოთხი უმნიშვნელო შენიშვნა და გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან.
გემის ნაოსნობის ისტორია ასევე მიუთითებს, რომ იგი ოპერირებდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის ჩვეულებრივ მარშრუტებზე და სტუმრობდა როგორც ევროპულ, ისე აზიურ და აფრიკულ პორტებსა და საღუზე რაიონებს, მათ შორის: მალტას, დანიას (სკაგენი), ეგვიპტეს, მალაიზიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვა მიმართულებებს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ნებისმიერი გემის შემოსვლა ექვემდებარება მკაცრ სამართლებრივ, სანქციურ და უსაფრთხოების კონტროლს. საქართველო არ წარმოადგენს და ვერ გახდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა, ხოლო ყველა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ მომენტში მოქმედებს საერთაშორისო დონეზე.
საერთაშორისო სანქციების ეფექტიანობა სწორედ მათი სამართლებრივი განსაზღვრულობისა და დროში მოქმედების პრინციპს ეფუძნება. შესაბამისად, დაუშვებელია გემის ან კომპანიის საქმიანობის შეფასება იმ სანქციების საფუძველზე, რომლებიც მისი საქართველოში ყოფნიდან რამდენიმე თვის შემდეგ იქნა დაწესებული” - ნათქვამია განცხადებაში.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, “სანქციები მოიცავს რუსეთის მოძველებულ “ჩრდილოვან ფლოტს“, სამხედრო შესყიდვების მიწოდების ჯაჭვებს და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად”. საელჩომ დაწერა, რომ “სანქციების პაკეტში ასევე შევიდა ხომალდი SILVAR, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში არსებულ პორტში იმყოფებოდა”.
“დიდმა ბრიტანეთმა 2026 წლის განმავლობაში, მხოლოდ რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, თითქმის 500 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები” - წერს საელჩო.
UK- მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა - სანქცირებულია Yandex, Wildberries