მოწონხარ მაშინ, როცა ყველაფერს უკეთებ, რასაც გავალებენ. ისეთ რამეს გავალებენ, რაც კანონითაც აკრძალულია და კაცობაშიც რომ არ ჯდება — ამას ვერ გააკეთებ - გელა ბარკალაია
ავტოიმპორტიორი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია ავტობიზნესში არსებულ ზეწოლებსა და ხელის შეშლაზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლება ბიზნესის გარკვეულ წარმომადგენლებს ლობირებს.
„[მთავრობას] ზოგჯერ მოწონხარ, ზოგჯერ არ მოწონხარ. მოწონხარ მაშინ, როცა ყველაფერს უკეთებ, რასაც გავალებენ. ისეთ რამეს გავალებენ, რაც კანონითაც აკრძალულია და კაცობაშიც რომ არ ჯდება — ამას ვერ გააკეთებ.მე ახლა დუბაიდან ცელოფნებიანი მანქანები შემოვიყვანე, განბაჟებულია და გაფორმებული არ არის, ვერ ვაფორმებ. მიზეზს ვერ გაიგებ. ეტყობა იმ ადამიანმა, ვისაც ხელს ვუშლიდი… მე მიშლიდა, თორემ ის ვინაა, არავინ არ იყო და იმას გამოუჩნდა პატრონი, ფულიც, და კანონი მიიღეს, რომ დუბაიდან ავტომობილი საქართველოში არ შემოვიდეს. ჩვენ არ შემოგვყავს და გვესმის, რომ ვიღაცებს შემოჰყავთ. არიან ადამიანები, რომლებიც ამით სარგებლობენ — ზოგი დეპუტატია და მოწილეა, ზოგი რაღაცაა, ზოგი რაღაცაა. ხელის შეშლები, რა თქმა უნდა, არის. მთავარია, დუბაიდან გელა ბარკალაიამ არ შემოიყვანოს. ეს იყო და დღესაც ეს საკითხი დგას მწარედ“, — განაცხადა გელა ბარკალაიამ „შაბათის ფორმულას“ ეთერში.