გრიგოლ გეგელია: პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში ოპოზიცია ახალი არჩევნების დანიშვნაზე დიალოგისთვის მზადაა
ძლიერი საქართველო – ლელოს საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ოპოზიციის პოზიცია ცხადია: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სიტუაციის დეესკალაცია ახალი არჩევნების თაობაზე დიალოგის წინაპირობაა.
„მიგვაჩნია, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რეჟიმმა საკუთარი ერისადმი დადებითი სიგნალი უნდა გაგზავნოს. იმ შემთხვევაში, თუ ეს რეჟიმი გარკვეულ დათმობებზე წავა — გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას — ჩვენ დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ შესაძლო დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით,” — განაცხადა მან.
გეგელიამ ხაზი გაუსვა, რომ ეს პოზიცია ოპოზიციას ადრეც ჰქონდა გამოცხადებული და ევროპის, ამერიკისა და ქართული ოპოზიციის საერთო „პათოსს” ასახავს.
ახლად არჩეულ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ზე საუბრისას, გეგელიამ გამოთქვა იმედი, რომ მისი სულიერი ხელმძღვანელობა ქვეყანაში სამოქალაქო კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს. „დღეს ჩვენ, როგორც ერს, ძალიან გვჭირდება დადებითი შინაარსის ირგვლივ გაერთიანება,” — განაცხადა მან.