← მთავარი
საზოგადოება

ეს იყო მორიგი შოკი... არასოდეს ამომივა თვალებიდან ბიჭების "ჩახოცვის" სცენა თვითმფრინავში - 1983 წელი... ბილეთი ერთი მიმართულებით

17 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ეს იყო მორიგი შოკი... არასოდეს ამომივა თვალებიდან ბიჭების

„ეს იყო მორიგი შოკი… არასოდეს ამომივა თვალებიდან ბიჭების “ჩახოცვის” სცენა თვითმფრინავში…“ - 1983 წელი… „ბილეთი ერთი მიმართულებით“

სოცმედია • 9:36

ლიგია მუშკუდიანი. ფეისბუკპოსტი:

1983 წელია, 18 ნოემბერი. ინსტიტუტიდან დავბრუნდი, წყალი გადავივლე და დასაწოლად ვემზადებოდი, როდესაც სახლის ტელეფონმა დარეკა. -ლიგია ახალი ამბავი გაიგე, ბიჭებმა რომ თვითმფრინავი გაიტაცეს? -ვინ ბიჭებმა? კითხვა შეუბრუნე ჩემს ჯგუფელს, რომელსაც ხმა უკანკალებდა. -გეგა კობახიძემ და მისმა მეგობრებმა. -საშინელება ხდება თბილისში. -ხვალ რაღაცას გადმოგცემ რომ მოხვალ ინსტიტუტში და უნდა შემინახო. ვიცი რომ არავის არ ეტყვი. -რას ამბობ? -როდის? -რატომ? -რა უნდა მომცე? -ხო მშვიდობა გაქვს? -არ მგონია, ვნახოთ და ყურმილი დამიკიდა. მეორე დღეს ინსტიტუტში მისულებს ყველას გვთხოვეს სააქტო დარბაზში შევკრებილიყავით. ალბათ ერთი საათის განმავლობაში იყო ამ ბიჭების ლანძღვა, თუ როგორ “გაბედეს” ეს. იმ წუთში ალბათ ჩვენც ვეთანხმებოდით, რადგან მაგარი პროპაგანდა მიმდინარეობდა ჩვენს მიმართ, , მაგრამ სულის სიღრმეში სადღაც ამ ბიჭების მხარეზე ვიყავით და მათ გმირებად ვთვლიდით, რომ თავისუფლებისთვის “ამხელა მანქანას” დაუპირისპიდნენ. ცოტას “ვამტყუნებდით” კიდეც, რომ ადამიანები შეეწირნენ მათ თავისუფლებას. ესეც პროპაგანდის შედეგი იყო. როგორც მერე გაირკვა რუსულმა სპეც რაზმმა დაცხრილა თვითმფრინავი და არ იყო გამორიცხული, რომ ეს უდანაშაულო ადამიანებიც მათ დაეხოცათ. რაც შეეხება ჩემს ჯგუფელს, რომელმაც იმ ღამეს ეს ამბავი შემატყობინა, გეგასთან გადაღებული ფოტოები მომაბარა შესანახად, რადგან ეშინოდა, რომ არც მას დაადგებოდა კარგი დღე, რადგან გეგასთან მეგობრობდა და როგორც მისი აღმზრდელი,  მასაც მიადგებოდნენ. ერთი სიტყვით ყველამ კარგად ვიცით ეს ისტორია. მაშინ, ბევრი ჭორ- მართალი ითქვა მათ შესახებ, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში, ჩემი თაობის მეხსიერებაში ეს ბიჭები იყვნენ თავისუფლებისათვის მებრძლი ბიჭები. რატომ მოვყევი ამხელა ისტორია. კვირას,

თეატრალური კულტურული ორგანიზაცია დიონისე ს შემოქმედებითმა გუნდმა წარმოადგინა Anna Papakanellou კელაპტრიშვილის სცენარის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “ბილეთი ერთი მიმართულებით,” რომლის რეჟისორიც ქალბატონი Tako Samkharadze გახლდათ. არ მეგონა, თუ კიდევ რამე გამაკვირვებდა. სპექტაკლ “ბერნარდა ალბას სახლის” მერე მეშინოდა,  ის ემოცია არ განელებულიყო. მარტო მე კი არა, გვეშინოდა ყველას. სცენარის ავტორს, რეჟისორს და ალბათ მსახიობებსაც. ეს კი  იყო მორიგი შოკი. არასოდეს ამომივა თვალებიდან ბიჭების “ჩახოცვის” სცენა თვითმფრინავში… იმდენად ძლიერად ითამაშეს მსახიობებმა, და ისეთი “ხმაურები”ედო რომ, სუნთქვა შემეკრა და მეგონა ვიგუდებოდი. პირველ რიგში, ვიღაც ქალბატონი ისეთი გულამოსკვნილი ტიროდა, მეშინოდა ცუდად არ გამხდარიყო. თავიდან მეგონა მუსიკალური გაფორმება იყო, მერე მივხვდი რომ ვიღაცაზე ძალიან იმოქმედა ამ სცენამ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შედეგი დაიდი. ტიროდა მთელი დარბაზი და ვტიროდი მეც რა თქმა უნდა, რადგან მე პირადად მომსწრე ვიყავი ყველა მაშინდელი მოვლენის. საოცარი იყო დედის, ქალბატონი მაგდა მუმლაძის თამაში. ვხედავდი როგორ გაითავისა ეს როლი და როგორ კანკალებდა და განიცდიდა, როგორ გაუწითლდა ცხვირის წვერი და მზად იყო ღრიალისთვის, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს ართმევდა. საოცარად ლამაზი წყვილი იყო და არაჩვეულებრივად გაართვეს თავი გეგას და თინიკოს როლის შემსრულებლებმა. ნატალია გოგუაძეს  ძალიან პატარა, ეპიზოდური როლი ერგო, მაგრამ ამ პატარა გამოსვლითაც, თავი დაამახსოვრა მაყურებელს. საერთოდ ,ეს  გოგო არის ჩამოყალიბებული მსახიობი, რომელიც მართლა დაამშვენებდა ქართულ სცენას. მამაოს როლს, ბატონი გოჩა ხოსროშვილი ასრულებდა. არ ვიცი ვინ იყო მისი გრიმიორი, მაგრამ, ერთი ერთში იჯდა თემურ ჩიხლაძესთან. რაც შეეხება გამომძიებელს, ბატონ ალეკო მაღლაფერიძეს, იმდენად კარგად და დამცინავად თამაშობდა ამ როლს, რომ კინაღამ რამდენჯერმე დამავიწყდა თეატრში რომ ვიყავი და მინდოდა გადავსულიყავი სცენაზე,და ერთი კარგად მიმებეგვა. ყოჩაღ მას და მადლობა ასე კარგად რომ გადმოსცა იმჟამინდელი გამომძიებლის სახე. და ბოლოს… საოცარი მუსიკალური გაფორმება, დაწყებული საბჭოთა კავშირი ჰიმნით, და დამთავრებული, მეფეს სიმღერით…( ირაკლი ჩარკვიანი) “მე ….გადმოვცურაააააავ ზღვააააას”… ანა კელაპტრიშვილო, თაკო სამხარაძევ თქვენ მე უნდა მომინელოთ. აღარ დამპატიჟოთ არსად…. პ.ს.როდესაც გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა, რაღაცნაირად გეგა წარმომიდგა თვალწინ. მაშინ, ჩვენი თაობის გოგოები შეყვარებულები ვიყავით მასზე, და უზომოდ მწყდება გული, რომ დღეს,მისი საფლავიც კი არ ვიცით. რაც შეეხება მის ფოტოებს, რომელიც ჩემმა ჯგუფელმა მაშინ მომაბარა,რამდენიმე ათწლეულუს მერე დავუბრუნე მის ნამდვილ პატრონს.ახლა კი აქ დავდებ. მადლობა ოთო. პ.ს.პ.ს მადლობა “დიონისეს” შემოქმედებით გუნდს, და … რატომღაც მგონია, რომ  სპექტაკლი “ბილეთი ერთი მიმართულებით,” გეგას და მის მეგობრებს მიეძღვნათ. ბიჭებს, რომლებიც თავისუფლებას შეეწირნენ. უამრავ წარმატებას გისურვებთ ჩემებო.

← მთავარი