„ბიძინა ივანიშვილი არავის სალაპარაკო არ არის” — „ოცნება” ივანიშვილზე გამართულ ბრიფინგს იცავს
„ქართული ოცნების” წარმომადგენლები 9 ივნისს ირაკლი კობახიძის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი მთლიანად მიძღვნილ ბრიფინგს იცავენ.
პარლამენტის ვიცესპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა: „ვერავის ვერ დააბულინგებთ, რომ მოგვერიდოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დამსახურებული ადამიანის შეფასება. ბიძინა ივანიშვილს ლეგიტიმაცია აქვს — მას პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსი, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოში მიიღება, სადაც ის მონაწილეობს.”
„ოცნების” დეპუტატმა ეკა ჭიჭინაძემ კი ბრიფინგი ასე დაასაბუთა: „საჭირო იყო, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არავის სალაპარაკო არ არის, განსაკუთრებით თქვენი, სულელი ტელევიზიების.”
თავად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ახსნა, რომ ივანიშვილის ხსენება ლეგიტიმურია: „ამ კონფიგურაციით — ვინ პარტიის საპატიო თავმჯდომარეა და ვინ — ჩვეულებრივი — გავედით არჩევნებზე. საქართველოს მოსახლეობამ ეს ძალიან კარგად იცოდა.”
შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს კობახიძემ მთლიანი ბრიფინგი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა — მას „პოლიტიკის გროსმეისტერი” უწოდა.