ჯარში გაწვევაზე უწყება საიტზე ატვირთვიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება – დადგენილება
დღეიდან, 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა ივანიშვილის მთავრობის 31 აგვისტოს დადგენილება “სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ” 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელის თანახმადაც, ჯარში გაწვევაზე უწყება საიტზე ატვირთვიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.
დადგენილების თანახმად, თუ პირი უარს აცხადებს შეტყობინების/უწყების ჩაბარებაზე, შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება.
“შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს შეტყობინებას/უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. შეტყობინების/უწყების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს.
თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება ან მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სააგენტო მის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში”. - ნათქვამია დადგენილებაში.
დოკუმენტის თანახმად, გამწვევ კომისიაზე წვევამდელთა გამოძახება შემდეგი თანმიმდვრობით მოხდება:
ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინება), რაც დასტურდება უკუკავშირით და სააგენტოს მიერ შედგენილი აქტით (დანართი №51);
პირისათვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც დასტურდება პირის ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო, თუ იგი უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე − შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; წვევამდელს შეტყობინება/უწყება შეიძლება ჩაჰბარდეს რეგისტრაციის ადგილის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის მისამართებზე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა ნებისმიერ მისამართზე;
შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნების წესით.
იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელი გამწვევ კომისიაზე არ გამოცხადდება, 5 სამუშაო დღეში შედგება შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დაუყოვნებლივ გადაიგზავნება სასამართლოში. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი, ასევე შედგება იმ შეთხვევაშიც, თუ წვევამდელი გამოძახების შემთხვევაში არ გამოცხადდება სამედიცინო შემოწმების გასავლელად.
გარდა ამისა, თუ წვევამდელი სახმედრო სასამახურში გაწვევის შემდეგ სამხედრო სამსახურის გასავლელად არ გამოცხადდება უწყისში მითითებულ ადგილას, სააგენტო შესაბამის მასალებს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს გაწვევის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფში ჩასარიცხად გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებს, რომლებიცაა:
წვევამდელის ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან ყოფილი მეურვის/მზრუნველის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით;
სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოება.
ხოლო სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებად ჩაითვლება:
ავადმყოფობა, რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ;
წვევამდელის ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან ყოფილი მეურვის/მზრუნველის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით;
სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოება.
ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში აღნიშნული ცვლილებების შეტანის შესახებ აპრილში განაცხადა.
ჯარში გაწვევაზე უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ საიტზე აიტვირთება - კანონპროექტი