გალის დე ფაქტო სასამართლომ ენგურის გადაკვეთის გამო საქართველოს მოქალაქე ერთ წელს მიუსაჯა
ოკუპირებული აფხაზეთის „გენერალურმა პროკურატურამ” განაცხადა, რომ გალის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი ცატავა „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში” დამნაშავედ ცნო. 19 მაისს მოსამართლე კ.ნ. ლასურიამ ერთი წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ცატავა თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 2025 წლის 12 აგვისტოს, მდინარე ენგურის გავლით, შევიდა. 2026 წლის 15 აპრილს დააკავეს და იმავე დღეს გალის დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუსი) ამ საქმეზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
2025 წლის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, სუსმა ოკუპირებულ აფხაზეთში წლის განმავლობაში 40 უკანონო დაკავება დაფიქსირა. 2025 წლის ბოლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფებოდა.