გახარია საქართველოსთვის: ვულოცავთ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას და გვჯერა, რომ ეკლესია ეროვნული ერთიანობის საყრდენი დარჩება
პარტია „გახარია საქართველოსთვის” ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის არჩევასთან დაკავშირებით საქართველოსა და ქართულ ეკლესიას ულოცავს.
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს, წარმატებას ვუსურვებთ ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში. გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია დარჩება მშვიდობის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენი,” — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი ავირჩიეს. ეპისკოპოსთა გაფართოებულ კრებაზე სამი კანდიდატი გამოიყვანეს: ტახტის მოსაყდრემ 39 ხმიდან 22 მიიღო. მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა — 9, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა — 7 ხმა; ერთი ბიულეტენი გაუქმდა.
შიო III-ის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.