პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეკრება-მანიფესტაციის კანონში ცვლილებებს აინიცირებს
პარტია გახარია საქართველოსთვის შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს აინიცრიებს. პარტიის შეფასებით, ქართული ოცნების მიერ “მიღებული დრაკონული კანონები არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯი, რომლის ერთადერთი მიზანი — განსხვავებული აზრის დევნაა”. “დღეს ადამიანებს ტროტუარზე დგომისა და განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო ციხეში უშვებენ. არსებული საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილი სასჯელი არაპროპორციულია და არსებითად შეზღუდა კონსტიტუციური უფლების — შეკრების თავისუფლების და თავისუფალი გამოხატვის განხორციელება,” — განაცხადა გიგა ფარულავამ ბრიფინგზე. ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია —”2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუსი კვოს სრული აღდგენა და დაწესებული ბარიერების აღმოფხვრა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროტესტის უფლების ეფექტიანი დაცვა”. “ჩვენ არ მიგვაჩნია რომ 2024 წლის სამართლებრივი მდგომარეობა იდეალურია, მაგრამ: ამ სტატუსკვოსთან დაბრუნებით აღდგება კონსტიტუციური ბალანსი: რაც ახლანდელი მდგომარეობით ცალსახად დარღვეულია. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფის გარეშე ასევე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დაცვა და საგარეო ამოცანების მიღწევა,” — განაცხადა მან.