← მთავარი
სამართალი

გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს

7 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს

პარტია აყვავებული სომხეთის (PAP) ლიდერის, ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის მდიდრული ვილის ჩხრეკისას ეგზოტიკური ცხოველები იპოვეს. ამის შესახებ ერევნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით სომხური მედია წერს.

“საგამოძიებო მოქმედებების დროს, კერძო ვილაში დაცული ცხოველები ერევნის მუნიციპალიტეტის წინადადებით ზოოპარკში გადაიყვანეს. ცხოველები სპეციალისტების მეთვალყურეობისა და მოვლის ქვეშ იქნებიან”, — განაცხადა მუნიციპალიტეტმა.

საგამოძიებო კომიტეტმა მოგვიანებით განაცხადა, რომ გარეულ ცხოველებსა და ფრინველებზე უკანონო ნადირობის საქმესთან დაკავშირებით სასახლის ჩხრეკისას, 190 ფიტული, ასევე სამი ლომი და ერთი ვეფხვი იპოვეს. ეს ცხოველები მტკიცებულებად ჩაითვალა და ზოოპარკში გადაიყვანეს. უკანონო ნადირობით გარემოს, სავარაუდოდ, 30 მილიონი დრამის (დაახლოებით 80 000 აშშ დოლარი) ზიანი მიადგა. სააგენტომ და მუნიციპალიტეტმა ცხოველების გადაყვანის ვიდეომასალა გაავრცელეს.

ცარუკიანის პრესმდივანმა, ივეტა ტონოიანმა, განაცხადა, რომ PAP-ის ლიდერის სახლი გაჩხრიკეს და იქ არსებული ცხოველები ანესთეზიის საშუალებით დააძინეს და ისე ზოოპარკში გადაიყვანეს.

გაგიკ წარუკიანის სახლსა და ოფისებში ჩხრეკა ტარდება

სამართალდამცავებმა გაგიკ წარუკიანის სასახლეში და კიდევ 70-მდე მისამართზე ჩხრეკის ოპერაცია 6 ივლისს დაიწყეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.

← მთავარი