← მთავარი
სამართალი

გაგიკ წარუკიანის სახლსა და ოფისებში ჩხრეკა ტარდება

6 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
გაგიკ წარუკიანის სახლსა და ოფისებში ჩხრეკა ტარდება

სომხური პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერის, გაგიკ წარუკიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესმდივანი, ივეტა ტონოიანი საკუთარი Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. მისი თქმით, სამართალდამცავებს სახლის მიმდებარე ტერიტორია ალყაში აქვთ მოქცეული, ხოლო თავად შენობის შიგნით საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები უკანონო ბიზნესსაქმიანობისა და გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე მიმდინარეობს. თავად წარუკიანი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

წინასწარი ინფორმაციით, ჩხრეკა ასევე ტარდება სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ბაზაზეც.

ცოტა ხნის შემდეგ ივეტა ტონოიანმა ახალი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებების მასშტაბი გაცილებით ფართოა:

“ამჟამად ფართომასშტაბიანი ჩხრეკები მიმდინარეობს კონცერნ “მულტი გრუპის” (Multi Group) შემადგენლობაში შემავალი თითქმის ყველა კომპანიის ოფისში, ასევე ამ კომპანიების დირექტორების საცხოვრებელ ბინებში”, — დაწერა პრესმდივანმა.

გამოცემა Hetq-ის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში ტარდება.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში დამატებით დეტალებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ. უწყების პრესსპიკერის, კიმა ავდალიანის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ხოლო ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.

← მთავარი