WSJ: გაეროს ფინანსური კოლაფსი ემუქრება — აშშ-ს ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი ვალი აქვს
Wall Street Journal-ის გამოცემის ცნობით, გაერო ფინანსური კოლაფსის წინაშე დგას — ძირითადი მიზეზი ორი მსოფლიო სახელმწიფოს გრძელვადიანი ვალებია.
შეერთებულ შტატებს ორგანიზაციის წინაშე ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი ვალი აქვს; ამას ემატება ის, რომ ვაშინგტონმა შეამცირა მონაწილეობა რამდენიმე ძირითადი პროგრამის, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებაში. ჩინეთს, ბოლო 850 მილიონი დოლარის გადახდის მიუხედავად, დაახლოებით 455 მილიონი დოლარი კვლავ ევალება.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ამ ვითარებას პირდაპირ „გაკოტრებისკენ რბოლას” უწოდებს და გაფრთხილებს, რომ ორგანიზაციამ შეიძლება 2026 წლის აგვისტოს შუა რიცხვებისთვის სერიოზული დაფინანსების დეფიციტი განიცადოს.
რა ფონზე ხდება ეს?
კრიზისის პასუხად გაეროს უკვე დაწყებული აქვს ხარჯების მასშტაბური შემცირება: იხურება ოფისები, გაუქმებულია სამდივნოს დაახლოებით 3,000 პოზიცია, შემცირდა მთარგმნელობითი მომსახურება და სამშვიდობო ოპერაციების ხარჯები. ორგანიზაცია ასევე აჩქარებს კონტინგენტების გაყვანას ზოგიერთი რეგიონიდან და აყოვნებს გადასახადს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სამხედრო კადრებს სამშვიდობო მისიებში აგზავნიან.
ვითარებას ართულებს გაეროს ფინანსური მოდელი — ორგანიზაციას სესხის აღება არ შეუძლია, ხარჯების დიდი ნაწილი კი პერსონალს ეხება. ამ დროს წევრი სახელმწიფოები პროგრამების გაფართოებაზე უფრო ხშირად თანხმდებიან, ვიდრე შემცირებაზე.
ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ მრავალმხრივ ინსტიტუტებს არ „ტოვებს”, მაგრამ ფართომასშტაბიან რეფორმებსა და ეფექტიანობის გაზრდას ითხოვს. დამატებით ზეწოლას ახდენს სხვა დონორების — გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ნიდერლანდის — შემცირებული შენატანებიც.