← მთავარი
მსოფლიო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს დევნილთა შესახებ რეზოლუცია მიიღო

13 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს დევნილთა შესახებ რეზოლუცია მიიღო

4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა თავიანთ სახლებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, დაბრუნების უფლებას. რეზოლუციას მხარი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა, 8 წინააღმდეგი იყო, 55-მა კი – თავი შეიკავა.რუსეთთან ერთად, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ბელარუსმა, ბურუნდიმ, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ეკვატორულმა გვინეამ, ნიკარაგუამ და სუდანმა. გასული წლისგან განსხვავებით, ზიმბაბვეს და მალის, რომელთაც 2025 წელს რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, წლევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ხოლო ბურუნდიმ, რომელმაც შარშან არ მიიღო მონაწილეობა, წელს წინააღმდეგ მისცა ხმა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს „პრაქტიკული დატვირთვაც“, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. „აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე“, განაცხადა სამინისტრომ.უწყების ინფორმაციით, რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროკავშირმა, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით), უკრაინამ და იაპონიამ.„მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც საქართველოს გვერდით იდგა და მხარს უჭერდა იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას“, – დაწერა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა X-ზე.საქართველო დევნილების შესახებ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას“.რეზოლუცია ასევე მოუწოდებს „ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს“.This post is also available in:

English Tagsგაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია

Copy URL URL Copied

← მთავარი