Freedom House-მა სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის სახელობის პრემია გადასცა
Freedom House-მა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის სახელობის პრემია გადასცა. ორგანიზაცია ჯილდოს გადაცემას ზურაბიშვილის „პრინციპული ლიდერობითა და ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისადმი ერთგულებით” ასაბუთებს.
„მარკ პალმერის პრიზი აღიარებს განსაკუთრებულ მიღწევებს დიპლომატებისა და მთავრობის წარმომადგენლების მიერ დემოკრატიის დასაცავად. წელს Freedom House ამაყობს, რომ პატივს მიაგებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს,” — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
Freedom House-ის ვებგვერდზე ზურაბიშვილი „საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მტკიცე დამცველად” და „პროევროპელ ლიდერად” არის წარმოდგენილი, „რომელიც ქართველი ხალხის ნებას განასახიერებს”.
ორგანიზაცია იხსენებს ზურაბიშვილის კარიერის ძირითად ეტაპებს: 1970-იან წლებში საფრანგეთის დიპლომატიური სამსახური, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობა (2004), პარიზში, ნიუ-იორკში, რომში, ვაშინგტონში, ნჯამენასა და ბრიუსელში სამუშაო. მინისტრის რანგში ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა NATO-ს ძირითად შეთანხმებებს და მოლაპარაკება ჩაატარა ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმაზე.
2018 წელს ზურაბიშვილი საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს. 2024 წელს, ქვეყანაში დემოკრატიული უკუქცევის საფასუხოდ, მან „ქართული ქარტია” წარადგინა პროდასავლური ძალების გასაერთიანებლად. ასევე, მან „პეტრას დეკლარაცია” შექმნა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის კოორდინაციისთვის.