← მთავარი
პოლიტიკა

Freedom House-ის კრიტიკა „ოცნებას", ჯილდო - ზურაბიშვილს

16 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
Freedom House-ის კრიტიკა „ოცნებას

იმ დროს, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური კურსი დასავლური დემოკრატიული ორგანიზაციების მხრიდან სულ უფრო ხშირად ხდება მწვავე შეფასებების სამიზნე, გავლენიანი ამერიკული ორგანიზაცია Freedom House საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, „მისი პრინციპული ლიდერობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულებისთვის“ მარკ პალმერის პრიზით (Mark Palmer Prize) აჯილდოებს.ეს პრიზი ენიჭებათ იმ დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებს, რომლებიც შეიტანენ განსაკუთრებულ წვლილს სამოქალაქო თავისუფლებების დაცვაში, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაში, თავისუფალი არჩევნების ხელშეწყობაში, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხებზე მუშაობაში, ასევე კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული რეფორმების გაძლიერებაში - განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ეს პრინციპები საფრთხის ქვეშაა.ზურაბიშვილს ჯილდოს 16 ივნისს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 01:30 საათზე გადასცემენ.„ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი”სალომე ზურაბიშვილის დაჯილდოებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, 10 ივნისს, Freedom House-მა საქართველოს შესახებ გამოაქვეყნა მორიგი კრიტიკული შეფასება სათაურით - „გადატვირთვა გათავისუფლებების გარეშე არ გამოვა: საქართველოს პოლიტიკური პატიმრები და ვაშინგტონთან უკეთესი ურთიერთობების ფასი“სტატიაში მიმოხილულია „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრაქტიკულად ყველა პრობლემური მიმართულება - ამერიკის შეერთებულ შტატებთან „ურთიერთობების გადატვირთვის“ სურვილის პარალელურად ჩინეთსა და ირანთან კავშირების გაღრმავება, სანქციების გვერდის ავლის ბრალდებები, ქვეყნის შიგნით მზარდი რეპრესიული გარემო, რაც მოიცავს კანონმდებლობის გამკაცრებას, პოლიტიკური ოპონენტების დაკავებასა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვას.„შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებშია, ხელი შეუშალოს საქართველოს აშშ-ის მოწინააღმდეგეებისკენ კიდევ უფრო მეტად გადახრას“, - ამბობს სტატიის ავტორი და მიუთითებს, რომ ვაშინგტონის მიზანი უნდა იყოს, შეინარჩუნოს საქართველო დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, რადგან ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა გავლენას ახდენს რეგიონში დემოკრატიულ და ავტორიტარულ ძალებს შორის ბალანსზე.რეგიონში საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მიუხედავად, „ეს არ ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები „ქართული ოცნების“ პირობებით უნდა დალაგდეს“. სტატიის ავტორი, Freedom House-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების დირექტორი ქეით ლაროკი აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა განიხილოს მკაფიო ტესტად, რომელიც გამოაჩენს, „ნამდვილად მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“ ისეთი ნაბიჯების გადადგმისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.“ქეით ლაროკი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე აჩვენა, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს მაღალი დონის დიპლომატიასა და პოლიტიკურ ზეწოლას. ამ კონტექსტში მაგალითად მოჰყავს ბოლო თვეებში ბელარუსიდან გათავისუფლებული ასობით პატიმრის შემთხვევა და აღნიშნავს, რომ „საქართველოს პოლიტიკური პატიმრებიც მსგავს ყურადღებას იმსახურებენ.“

ასევე ნახეთ

ვადამდე გათავისუფლება - რას ითხოვს სანაცვლოდ სახელმწიფო დემონსტრანტებისგან? 

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად, მნიშვნელოვანია, ვაშინგტონმა მოითხოვოს პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაცვა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.დასკვნის სახით Freedom House-ის ამ შეფასებაში ნათქვამია, რომ აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა უნდა განაგრძონ პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესება - „ეს მოიცავს სანქციების გახანგრძლივებას, ვიზების აკრძალვასა და მიზნობრივ ზომებს „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების, მოსამართლეების, პროკურორებისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართული არიან დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიების განხორციელებაში“.”ოცნება” დასავლელი პარტნიორების კრიტიკას არ ეთანხმება, ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს და ე.წ. დიპ სტეიტის მიერ საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის სურვილებს უკავშირებს.პოლიტიკური გზავნილი და შეფასებებიპოლიტიკის ექსპერტი არჩილ გამზარდია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სრულიად გასაგებია ის კრიტიკა და შეფასებები, რაც საქართველოს მიმართ Freedom House-ს აქვს. ამ ფონზე კი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის დაჯილდოება ქვეყნისთვის არის გზავნილი - „ჯილდოვდება ის, რაც დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანურ თავისუფლებებზეა დაფუძნებული და კრიტიკის ქვეშ არის ის, რაც ამ ყველაფრის საწინააღმდეგოა”. არჩილ გამზარდია ასევე აღნიშნავს, რომ „სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც შეეძლო ყოფილიყო სისტემის ნაწილი, როგორც ის მანამდე იყო, გამოამჟღავნა ღირებულებითი უპირატესობა დემოკრატიისა და თავისუფლების უფლების დაცვის მიმართულებით“.ზურაბიშვილი საქართველოს მე-5 პრეზიდენტად 2018 წლის დასასრულს “ქართული ოცნების” მხარდაჭერით აირჩიეს ბოლო პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში. ის მმართველ პარტიას მალევე დაუპირისპირდა. საქართველოს მე-6 პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი უკვე საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, 2024 წლის დეკემბერში.ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის ლიდერები სალომე ზურაბიშვილს სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებენ, მას ხშირად უკავშირებენ დესტაბილიზაციის მცდელობებს. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, როგორ აფასებენ „ოცნების“ რიგებში იმას, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს „პრინციპული ლიდერობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულებისთვის“ გადასცემენ ჯილდოს. დავუკავშირდით სადავო პარლამენტის წევრებს „ქართული ოცნებიდან“ - ლევან მახაშვილსა და გიორგი კახიანს. მათ ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა კი გვითხრა, რომ „ასე ტელეფონით შეფასებებს არ იძლევა“.სალომე ზურაბიშვილი და დასავლეთიმას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი, სალომე ზურაბიშვილმა დასავლეთთან კომუნიკაციისას საკუთარი პირადი და არაფორმალური კონტაქტების გამოყენება დაიწყო.მისი ბოლო პერიოდის აქტივობები, მათ შორის შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან და საჯარო განცხადებები, ძირითადად ფოკუსირებულია საქართველოს ევროპული კურსის შეფერხებასა და დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე.ზურაბიშვილი დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციისას ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი არ უნდა შეჩერდეს და აუცილებელია პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან.2025 წლის 11 სექტემბერს “ჰელსინკის კომისიის” სხდომაზე სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა პოლიტიკურ პატიმრებზე, „ქართული ოცნების“ „ანტიდასავლურ“, „პრორუსულ“ და „ანტიამერიკულ ტონზე“. „მე დღეს აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან და სიმბოლურად მინდა დავასახელო მზია ამაღლობელი, როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდაა დატყვევებული“, - თქვა მაშინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

„ანტიამერიკული გადახვევა მოსკოვისკენ, თეირანისა და პეკინისკენ“ - რა თქვეს ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე

საქართველო, Freedom House და გაუარესებული შეფასებები ანგარიშებშიFreedom House არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებში აფასებს დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების მდგომარეობას. მის ანგარიშებს ხშირად ეყრდნობიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის სტრუქტურები და სხვა დასავლური პოლიტიკის განმსაზღვრელი ინსტიტუტები.ბოლო წლებია Freedom House საქართველოს შესახებ აქვეყნებს კრიტიკულ შეფასებებსა და ანგარიშებს. ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ყოველწლიური ანგარიშის, Freedom in the World-ის მიხედვით, საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალი“ (Partly Free) ქვეყნების კატეგორიაში რჩება და 2026 წლის მონაცემებით, მისი მაჩვენებელი 51 ქულამდე დაეცა, რაც ბოლო წლებში დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.გარდა ამისა, ორგანიზაციის ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშიც მოხვდა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებენ - ანუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ დევნიან ოპონენტებსა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს.

ასევე ნახეთ

ხოშტარია, ვაშაძე, ჯაფარიძე და ინტერპოლი - როგორ იყენებს ხელისუფლება საერთაშორისო ძებნის სისტემას და რას ნიშნავს ეს?

Freedom House წლებია, აფასებს ქართულ სასამართლო სისტემასაც და ამბობს, რომ „აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლო სისტემაში კვლავაც რჩება მნიშვნელოვან პრობლემად“.

ასევე ნახეთ

არის თუ არა საქართველო მოწინავე ხუთეულში - რას ამბობს „ფრიდომ ჰაუსი“ ქართულ სასამართლოზე?

ანგარიშები და შეფასებები აღწერს საქართველოს პოლიტიკურ ვითარებასაც და აღნიშნავს - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტარდება არჩევნები, „პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ოლიგარქიული გავლენა“.ორგანიზაცია წერს ქართველ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე, მედიის თავისუფლებასა და იმაზეც, რომ „კორუფცია ხელისუფლებაში კვლავ რჩება პრობლემად“.„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების გვერდით“, - ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში ასე გამოეხმაურა Freedom House თბილისში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებს. მაშინ ორგანიზაციამ საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა. „ესაა კრიტიკული მომენტი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის. დემოკრატიული მთავრობები საქართველოს ხალხის გვერდით უნდა დადგნენ და უნდა გაგზავნონ მკაფიო მესიჯი, რომ „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი ნაბიჯები მიუღებელია“.

← მთავარი