Freedom House: აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე არ უნდა მოხდეს
„აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს დაკავებულებს, რომლებიც თავიანთ ფუნდამენტურ თავისუფლებებს იყენებდნენ”, — ამ სიტყვებით იხსნება Freedom House-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების დირექტორის, ქეით ლაროკის სტატია.
სტატია ქართული ოცნების წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხება — კერძოდ, მათ სურვილს, ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები გაიუმჯობესოს. ამ ინიციატივების ნაწილია, მათ შორის, 70-სართულიანი Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობის გეგმა.
„ქართული ოცნება ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს, მაგრამ ამავდროულად აძლიერებს კავშირებს ჩინეთთან 2023 წლის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ახლო თანამშრომლობას ესწრაფვის ირანთან და გვხვდება ეჭვები რუსული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობაზე”, — ნათქვამია სტატიაში.
ავტორი თვლის, რომ ამ ვითარებაში ამერიკამ საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება პირველ და გარდაუვალ პირობად უნდა დაასახელოს.
„ტრამპის ადმინისტრაციამ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მინიმალურ კრიტერიუმად, და არა საბოლოო მიზნად, უნდა ჩათვალოს. ამ მოთხოვნასთან ერთად, ვაშინგტონმა სრული სიის სახით უნდა მოითხოვოს: პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაცვა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, — წერს Freedom House.
Freedom House-ის შეფასებით, ამ ელემენტებზე შეთანხმების გარეშე, ნებისმიერი ნორმალიზება ნიშნავს „რეპრესიების ლეგიტიმაციას”.