ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალების დროა. ჩვენ საკმაოდ ბევრი მიმოვიხილეთ ძველი და ვივარაუდეთ მომავალი, ახლა ის ეტაპია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამოტრიალდეს ის, რაც აქამდე გვინახავს. ამის მიუხედავად, ფავორიტები და აუტსაიდერები ისევ არსებობენ.
10.07. 00:00 სთ. ფოქსბორო საფრანგეთი - მაროკო
საფრანგეთის ნაკრების მძლავრი შეტევა, ფეხბურთელები, რომლებიც ადგილებს ცვლიან, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის… ერთი შეხედვით, წყვილში უპირობო ფავორიტი გვყავს, წყვილში კი არა, ჩემპიონატისაც კი, მაგრამ ფეხბურთი ასე რომ იგეგმებოდეს, მაშინ ამდენი გულშემატკივარი არ ეყოლებოდა.
რა უნდა დაუპირისპიროს მაროკოს ნაკრებმა ფრანგებს? პირველ რიგში, მეტოქის სისუსტეები საკუთარ უპირატესობად აქციოს. მაინც, რა? - პირველ რიგში, ფრანგები იდეალურები არ არიან მინდვრის ცენტრში, შესაბამისად, ბუადისა და ელ-აინაუის აქ “ხმის ამოღება” შეუძლიათ. დიდიე დეშამის ერთ-ერთი სუსტი რგოლი მარცხენა მცველია, რასაც ფლანგზე დაცვაზე ნაკლებად მოფიქრალი ფეხბურთელი, ბარკოლა ან უკეთეს შემთხვევაში დუე ემატება. ამ სივრცის ათვისება და შეტევებში თამამად ჩართვა ჰაკიმის შეუძლია, მაგრამ რა შედეგს გამოიღებს ეს დაცვაში, სადაც სუპერშემტევების შეჩერებაა საჭირო?!
ფრანგებმა თუ სივრცეები იპოვეს, მოწინააღმდეგეს იოლად დასჯიან, თავის მხრივ კი მაროკოელებს აფეთქებები ახასიათებთ, ეპიზოდები, როცა მათი შეჩერება შეუძლებელია.
შემტევ საიბარის დანაკლისი მაროკოელებისათვის უდიდესია.
შემადგენლობები საფრანგეთი: მენიო - კუნდე, უპამეკანო, სალიბა, დინი - ჩუამენი, რაბიო - დემბელე, ოლისე, დუე - მბაპე; მაროკო: ბონო - ჰაკიმი, დიოპი, რიადი, მაზრაუი - ბუადი, ელ აინაუი - დიასი, უნაჰი, ელ ხანუსი - რაჰიმი. მსაჯი: ტელო(არგენტინა).
10.07. 23:00 სთ. ინგლვუდი ესპანეთი - ბელგია
ესპანეთის ნაკრები სრულყოფილადაა დაბალანსებული, შეუძლია თამაშის კონტროლი, აქვთ მოულოდნელი გადაწყვეტილებები, იამალის სახით სერიოზული ინდივიდუალისტი ჰყავთ. თავის მხრივ, ბელგიელებმა აშშ-სთან საკუთარი ძალების ირწმუნეს, ფავორიტის ტვირთი არ აწევთ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თანაც მათ შემადგენლობაში დიდებული შემტევებია, ონანას ტრავმა კი არახალია.
შემადგენლობები ესპანეთი: სიმონი - პორო, კუბარსი, ლაპორტი, კუკურეია - როდრი, პედრი - იამალი, ოლმო, ბაენა - ოიარსაბალი; ბელგია: კურტუა - კასტანი, ნგოი, მეხელე, დე კუიპერი - ვანაკენი, ტილემანსი - დოკუ, დე ბრუინი, ტროსარი - დე კეტელაარი. მსაჯი: ოლივერი(ინგლისი).
12.07. 01:00 სთ. მაიამი ნორვეგია - ინგლისი
ერლინ ჰოლანმა და მისმა გუნდმა უკვე ბევრს მიაღწია, მუნდიალს მიღმა ბრაზილიელები დატოვა, მაგრამ ვიკინგები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. თავის მხრივ, ინგლისის ნაკრებმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლიათ ტიტულისთვის ბრძოლა და ერთი შეხედვით შედარებით იოლი ბადიდან ფინალში გასვლა. კეინი და ბელინგემი შესანიშნავ ფორმაში არიან, პრობლემები კი უფრო დაცვაშია. მათ დისკვალიფიცირებული ქუანსა დააკლდებათ, ჯეიმსი კი ისევ ტრავმირებულია.
შემადგენლობები ნორვეგია: ნილენდი - რიერსონი, აიერი, ჰეგემი, ვოლფე - ბერგე, ოდეგორი, ბერგი - შოიელდრუპი, ჰოლანი, ნუსა; ინგლისი: პიკფორდი - კონსა, სტოუნსი, გეჰი, ო’რაილი - რაისი, ანდერსონი - საკა, ბელინგემი, გორდონი - კეინი.
12.07. 05:00 სთ. კანზასი. არგენტინა - შვეიცარია
თუკი კვლავ პენალტი დაინიშნება, მესი დარტყმას გაბედავს? - ესაა კითხვა, რაც არგენტინის ნაკრებს უკავშირდება. სხვა მხრივ, ისინი კვლავ ფავორიტები არიან, მაგრამ კაბო-ვერდესა და ეგვიპტისა არ იყოს, შვეიცარიელების დამარცხებაც ურთულესი იქნება.
ვნახოთ, სკალონი შემადგენლობას რამდენად შეცვლის და მეტად გადაახალისებს, მანზამბის ტრავმა კი შვეიცარიელებისთვის სერიოზული დანაკლისია.
კვლავ ლეო მესის მაგიის იმედად?! - საკითხავი, აი ეს არის.