საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისა და 2024 წლის არჩევნების მიუღიარებლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 11 მაისს საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. ინიციატივა 2025 წლის 24 სექტემბრიდან იყო მომზადებული; 68 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 28-მა — წინააღმდეგ მისცა ხმა. ცერემონიას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.
რეზოლუცია ქართველ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებს, ხელისუფლების „ავტორიტარულ გადახრას” გმობს და 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს. ევროპარლამენტის პოზიციაზე დაყრდნობით, დოკუმენტი ახალი, საერთაშორისო ზედამხედველობით ჩატარებული არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს:
- განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევა;
- ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, ივანიშვილსა და მის ახლო გარემოცვას ინდივიდუალური სანქციები დაუწესოს, შეერთებული შტატების მიერ უკვე დაწესებულ სანქციებთან თანხვედრაში;
- მხარი დაუჭიროს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას;
- საჯაროდ დაგმოს რუსეთის გავლენა ქართულ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულად მოიხსენიოს, სანამ ქვეყანა დემოკრატიულ პირობებს — მათ შორის თავისუფალ არჩევნებს — არ დააკმაყოფილებს. ამავე დროს, ევროკავშირის კარი ღია რჩება, თუ დემოკრატია აღდგება.