"არ დამტოვო..." - ევერესტის "მძინარე მზეთუნახავის" ტრაგიკული ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა
“არ დამტოვო… რატომ მექცევი ასე?“ – ეს იყო ამერიკელი ალპინისტის, ფრენსის “ფრენ“ არსენტიევის უკანასკნელი სიტყვები, სანამ 1998 წლის 23 მაისს ევერესტზე გარდაიცვლებოდა. 40 წლის მთამსვლელი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი დამატებითი ჟანგბადის გამოყენების გარეშე დაიპყრო. თუმცა მისი ოცნება ტრაგედიად იქცა – მწვერვალიდან დაშვებისას ის დაიკარგა და ვეღარ გადარჩა.
საბედისწერო დაშვება
ფრენი მეუღლესთან და ალპინისტ პარტნიორთან, სერგეი არსენტიევთან ერთად 1998 წლის 22 მაისს ავიდა ევერესტის მწვერვალზე.
მწვერვალამდე ცოტა ხნით ადრე მან 10 წლის შვილს, პოლს, წერილი დაუტოვა:
“გამარჯობა, პოლ! საბაზო ბანაკში ვართ. ძალიან მენატრები. მიყვარხარ. დედა.“ - ეს მისი ბოლო გზავნილი აღმოჩნდა.
დაშვებისას წყვილი ცუდი ხილვადობის გამო ერთმანეთისგან გაიყო. ისინი ე.წ. “სიკვდილის ზონაში“ იმყოფებოდნენ – 8 000 მეტრზე მაღლა, სადაც ჟანგბადის მწვავე დეფიციტი სიცოცხლეს წუთიდან წუთამდე საფრთხეს უქმნის. სერგეიმ ერთ-ერთ ბანაკამდე მიაღწია, თუმცა როდესაც მიხვდა, რომ მეუღლე არ დაბრუნებულა, მის საძებნელად უკან გაბრუნდა. ისიც დაიღუპა და ცოცხალი აღარავის უნახავს.
“არ დამტოვო…“ფრენი 8 500 მეტრის სიმაღლეზე დარჩა. მას ძლიერი მოყინულობა ჰქონდა და ცნობიერებას პერიოდულად კარგავდა. ერთ-ერთი ბოლო ადამიანი, რომელმაც ის ცოცხალი ნახა, სამხრეთაფრიკელი ალპინისტი ქეთი ო’დაუდი იყო. ის მეუღლესთან, ბრიტანელ იან ვუდალთან და შერპასთან ერთად მწვერვალისკენ მიემართებოდა. ქეთიმ გაიგონა ქალის კვნესა და მის დასახმარებლად მივიდა. ფრენმა უთხრა: - “არ დამტოვო.“ ქეთიმ უპასუხა: - “ჩემი გუნდის წევრებს მოვიყვან. დაგეხმარებით. გპირდები, დავბრუნდები.“ ფრენის პასუხი იყო: - “რატომ მექცევი ასე? მე ამერიკელი ვარ.“ ქეთი, მისი მეუღლე და შერპა ცდილობდნენ გადაეწყვიტათ, შესაძლებელი იყო თუ არა მისი გადარჩენა. ამ დროს იქ უზბეკი ალპინისტებიც მივიდნენ. მათ თქვეს, რომ ფრენის დახმარება უკვე სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მისთვის დატოვებული ჟანგბადის ბალონიც უკვე დაცლილი იყო. საბოლოოდ, ალპინისტებმა მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს – ასეთ სიმაღლეზე მისი ჩამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ეს თავად მაშველების სიცოცხლესაც საფრთხეს შეუქმნიდა. ქეთი მოგვიანებით წერდა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო.
“ევერესტის მძინარე მზეთუნახავი“
ფრენის ცხედარი თითქმის ათი წლის განმავლობაში იმავე ადგილას მდებარეობდა. ყინულმა მისი სხეული თითქმის უცვლელად შეინარჩუნა. სწორედ ამიტომ სხვა ალპინისტებმა მას “ევერესტის მძინარე მზეთუნახავი“ შეარქვეს. მისი სხეული ჩრდილოეთის მარშრუტზე მდებარეობდა და წლების განმავლობაში ასობით მთამსვლელი მის გვერდით გადიოდა. ბევრისთვის ის ევერესტის სასტიკი რეალობის სიმბოლოდ იქცა. ცხედარი 2007 წელს გადაასვენეს. ექსპედიციას იან ვუდალი ხელმძღვანელობდა - სწორედ ის ალპინისტი, რომელმაც მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლო. მისი თქმით, წლების განმავლობაში ვერ ივიწყებდა იმ დღეს და არ სურდა, რომ ფრენის ცხედარი ალპინისტებისთვის მუდმივ “ღირსშესანიშნაობად“ დარჩენილიყო. ცხედრის მთიდან ჩამოტანა უკიდურესად სახიფათო იყო, ამიტომ ალპინისტებმა ის ამერიკის დროშაში გაახვიეს და კლდის მიღმა გადაასვენეს, სადაც თვალს აღარ მოხვდებოდა. წყარო იხილეთ ასევე:
ინდოეთში, ევერესტზე ურთულესი სპეცოპერაციის ჩასატარებლად ემზადებიან: იგეგმება 30 წლის წინ დაღუპული მთამსვლელის, სახელად “მწვანე ჩექმების” ჩამოსვენება - რა დეტალებია ცნობილი?