← მთავარი
საზოგადოება

ფინანსური პრობლემების გამო ტელეკომპანია „ფორმულას“ ადრიანი დილის მაუწყებლობა აღარ ექნება

6 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ფინანსური პრობლემების გამო  ტელეკომპანია „ფორმულას“   ადრიანი დილის მაუწყებლობა აღარ ექნება

ტელეკომპანია “ფორმულას” ფინანსური პრობლემების გამო ადრიანი დილის მაუწყებლობა აღარ ექნება. როგორც გადაცემის წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ თქვა, “ეს გადაწყვეტილება კარგი ცხოვრებისგან” არ მიუღიათ.

“ჩვენ აქ მრავალი თვეა უხელფასოდ ვმუშაობთ. უკვე რამდენიმე წელია, რაც ფინანსურ ტურბულენტობაში ვართ. რა ხანია, „ფორმულას“ თანამშრომლებმა არ ვიცით, რა არის დროულად და სრულად ანაზღაურების აღება, მაგრამ მაინც ვახერხებთ ამ საქმის კეთებას ისე, რომ ეს ჩვენს რეიტინგს არ დატყობია, უფრო - პირიქით. „ფორმულა“ უნდა გადარჩეს! ეს ეთერი არ უნდა ჩაქრეს! ესაა ჩვენი მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე, მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი მტკივნეული გადაწყვეტილება”, - თქვა ირაკლი კიკნაველიძემ გადაცემა “გამარჯობა საქართველოს” ეთერში.

გუშინ, 5 ივლისს, გადაცემა “კვირის ფორმულაში” ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიშა მშვიდლაძემ თქვა, რომ გადადიან “მაუწყებლობის ახალ ბადეზე”.

“ეს იქნება პასუხი იმაზე, რის წინაშეც “ფორმულა” ხელისუფლების დიდი მონდომების შედეგად აღმოჩნდა. ეს ძალიან მძიმე ამბავია, განსაკუთრებით ტელევიზიისთვის, ყველა ჩვენი თანამშრომელი ფრონტის მეგობარივით არის უკვე. ეს არ იყო ჩვეულებრივი გზა, რაც ამ მედიამ გაიარა - ეს იყო ჩვეულებრივი ბრძოლა”, - თქვა მიშა მშვილდაძემ.

მისი სიტყვებით, ტელეკომპანიის შესანარჩუნებლად საჭირო გახდა ცვლილებები.

“ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არის, ამოწურა თავისი რესურსი “ფორმულამ” იმ ფორმატით, რასაც ერქვა ფაქტობრივად ანაზღაურების გარეშე მუშაობა და როგორც ჩანს, საჭირო გახდა შემცირებები”. მიღებული გადაწყვეტილებით კი, მშვილდაძის თქმით, ცდილობენ, “გადააზღვიონ გაცილებით დიდი დრამა”, რომ “ერთ მშვენიერ დღეს ვერ გავუმკლავდეთ მიმდინარე ვალდებულებებს და ამის ხარჯზე დავიხუროთ. ეს არ უნდა დავუშვათ”.

მისი სიტყვებით, “პრობლემებთან გასამკლავებლად” გზებს მოძებნიან.

ტელეკომპანია “ფორმულა” მიშა მშვილდაძემ, ირაკლი საღინაძემ, გიორგი ლიფონავამ და ზუკა გუმბარიძემ 2019 წლის ივლისში დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. იმავე წლის 3 სექტემბრიდან არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნოდა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს. 2023 წლის აგვისტოში საჯარო რეესტრმა მას დაუკმაყოფილა მოთხოვნა და კუთვნილი 51%-იანი წილიდან 25% გადაეცა თანამშრომელთა გაერთიანებას - ააიპ თავისუფლების ფორმულას.

2025 წლის აპრილიდან ტელე და რადიომაუწყებლებს ეკრძალებათ უცხოეთიდან დაფინანსების მიღება, თუ ის არ არის რეკლამა ან პროდუქტის განთავსება. ამით აიკრძალა გრანტების მიღება გადასაიარაღებლად და უცხოური დაფინანსების მქონე პროგრამების ეთერში განთავსება.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მაუწყებლებს მწირი შემოსავლები აქვთ. ამას ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის მიერ 15 მაისს გასაჯაროებული მონაცემები.

პროსახელისუფლებო არხების შემოსავალი 2026 წლის იანვარ-მარტში:

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა „იმედმა“ მიიღო 10 829 042 ლარი;

„რუსთავი 2-მა“ - 8 475 191 ლარი;

„პოსტივიმ“ (დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული) - 2 086 572 ლარი.

რაც შეეხება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ორ ტელევიზიას, მათ, ჯამში, თითქმის იმდენივე თანხა მიიღეს, რაც პროსახელისუფლებო „პოსტივიმ”.

„TV პირველი“ - 1 332 345 ლარი;

„ფორმულა“ - 981 200 ლარი.

საერთაშორისო ორგანიზაციის, “რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ 2026 წლის პრესის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების ანგარიშის მიხედვით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა. ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.

135-ე ადგილი ამ რეიტინგში მიუთითებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა „რთულად“ არის შეფასებული.

2025 წლის 1 აპრილს „ქართულის ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც ამერიკული FARA-ს საფუძველზე შეადგინეს, თუმცა ამერიკული ანალოგისაგან განსხვავებით, იგი მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად მედიის, სამოქალაქო სექტორისა და დემონსტრაციების შესაზღუდად მიიღო - დამოუკიდებელ ორგანიზაციებს გრანტების მიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანხმობის გარეშე აღარ შეუძლიათ, გაიზარდა ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებით, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

← მთავარი