საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს ანგარიშს, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ეფუძნება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 24 ივნისს მიღებული კრიტიკული რეზოლუციის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანგარიში „არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც ანგარიშის მიუკერძოებლობასთან, ისე მისი მომზადების პროცესთან დაკავშირებით“.25 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ „განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად“. უწყების თქმით, „მსგავსი პრაქტიკა აზიანებს თავად ევროპის საბჭოს ავტორიტეტს და აჩენს საფუძვლიან ეჭვებს ორგანიზაციის ცალკეული სტრუქტურების მიუკერძოებლობის მიმართ“.სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ მიუღებელია „დემოკრატიის სახელით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა, კანონიერად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული კრიტიკა და იმ პოლიტიკური ჯგუფების წახალისება, რომლებიც არჩევნების გზით მიღებული საზოგადოებრივი მანდატის უგულვებელყოფას ცდილობენ“. სამინისტროს თქმით, „მსგავსი მიდგომა არა დემოკრატიის განმტკიცებას, არამედ პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებასა და რადიკალური პროცესების წახალისებას ემსახურება“.„დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება, ასევე ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითა და კონსტიტუციური პროცედურების სრული დაცვით მიღებული საკანონმდებლო გადაწყვეტილებების პოლიტიკური ნიშნით შეფასება. შემაშფოთებელია კანონების გაუქმების მოთხოვნა სათანადო სამართლებრივი არგუმენტაციისა და ობიექტური შეფასების გარეშე, რაც სცდება ინსტიტუციური მანდატის ფარგლებს და პოლიტიკური ჩარევის ნიშნებს ატარებს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.ამავე განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება „მტკიცედ დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წესრიგსა და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს“. სამინისტროს თქმით, „არც ერთი გარე პოლიტიკური ზეწოლა, დეზინფორმაციული კამპანია თუ უსამართლო შეფასება ვერ გახდება საქართველოს ეროვნული ინტერესების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ლეგიტიმაციის უგულვებელყოფის საფუძველი“.საგარეო უწყებამ საქართველოს „ევროპის საბჭოს პასუხისმგებლიანი წევრი და მისი უმთავრესი ღირებულებების ერთგული დამცველი“ უწოდა და დასძინა, რომ საქართველო „კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას პატივისცემაზე და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და მოელის ევროპის საბჭოს ინსტიტუტების მხრიდან კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას“.