← მთავარი
სპორტი

[განახლებული. VIDEO. ჩემპიონთა ლიგა] ფლორა 2:3 იბერია. მოგება კარგია, მაგრამ სხვანაირადაც შეიძლებოდა... | Lelo.Ge

9 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[განახლებული. VIDEO. ჩემპიონთა ლიგა] ფლორა 2:3 იბერია. მოგება კარგია, მაგრამ სხვანაირადაც შეიძლებოდა... | Lelo.Ge

ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

ფლორა 2:3 იბერია 1999

08.07. ტალინი. “ა. ლე კოკ არენა”. 2 017 მაყურებელი

გოლები: 0:1 ნაჭყებია (18. ბედოშვილის პასით), 0:2 ჯინჯოლავა (21-პენ), 1:2 კრეიდა (28), 2:2 ალამაა (73. ზენიოვის პასით), 2:3 ქარდავა (75. კუციას პასით)

ფლორა (4-3-3): გრიუნვალდი - კურაკსინი (83. ალიკუ), კოლობოვი, კოლო, ტოვსტიკი - ვალდმეტსი (66. ვეერინგი), კრეიდა, ვარიუნდი - ზენიოვი (83. უსტა), საპინენი, ალამაა (83. ანტონოვი)

მწვრთნელი: კონსტანტინ ვასილიევი

იბერია (4-3-3): მაკარიძე - ზოჰური (86. ქობულაძე), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა - სიხარულაშვილი (80. ჩიხრაძე), დადიანი, ქარდავა - ბართიშვილი (80. კულიევი), ბედოშვილი, ნაჭყებია

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

გაფრთხილება: ტოვსტიკი (36), ბედოშვილი (36), დემჩენკო (36. მოედნის გარეთ)

გაძევება: კოლო (60)

არბიტრი: ს. პუტროსი (დანია)

2019/20 წლების სეზონში თბილისის “საბურთალომ” ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის “შერიფი” დაამარცხა ორმატჩიან დუელში…

მას შემდეგ გვარიანი დრო გავიდა და ახლა “საბურთალოს” მემკვიდრე “იბერიაა” ახლოს იმავე მიღწევასთან. ამდენი წელია, ეს მცირე საკლუბო მიღწევა დიდ ნატვრად გვექცა…

“იბერია 1999-მა” ტალინში დაამარცხა “ფლორა” და დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ, სადაც საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ბრატისლავის “სლოვანი” ელის.

…თბილისური კლუბის დამრიგებელმა, ანდრეი დემჩენკომ, ნამდვილი სიურპრიზი მოგვიმზადა. არ ველოდით ძირითადში ნიკა სიხარულაშვილის გამოჩენას, კიდევ უფრო მოულოდნელი იყო ის, რომ “იბერიამ” თამაში გამოკვეთილი ცენტრფორვარდის გარეშე დაიწყო. როგორც ჩანს, დემჩენკომ ჩათვალა, რომ მის გუნდს შეტევაში ეს მეტ მობილურობას და სისწრაფეს მისცემდა…

პირველი ტაიმის პირველ ნახევარში “იბერიას” მიერ ნაჩვენებ ფეხბურთს მართლაც რომ “ბრწყინვალე” ეთქმოდა. კარგი იყო, რომ ეს შედეგშიც აისახა. საგოლე მომენტების განიავების შემდეგ თბილისელებმა მაინც გაიტანეს - ძალზე აქტიურმა ვახო ბედოშვილმა კარგი პასი გაუკეთა ზვიად ნაჭყებიას, რომელმაც ბურთი მოათვინიერა და ძლიერი დარტყმით მახვილი კუთხიდან გაიტანა.

მალევე, თბილისელებმა მორიგი კარგი კომბინაცია გაათამაშეს. საჯარიმოში მაღალი სისწრაფით შეჭრილი ანდრია ბართიშვილის წინააღმდეგ ესტონელებმა თამაშის წესი დაარღვიეს და 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა გუნდის კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ. “იბერიას” უპირატესობა ორბურთიანი გახდა.

პირველი ნახევრის ბოლომდე დემჩენკოს გუნდს შანსები კიდევ ჰქონდა და გაიტანა კიდეც, მაგრამ სიხარულაშვილის გოლი ხელით თამაშის გამო გაუქმდა. არადა, რომ ჩათვლილიყო, ორმატჩიანი დუელის ბედი ალბათ დიდწილად გადაწყდებოდა…

28-ე წუთზე კი ანგარიშში სხვაობა შემცირდა. ვლადისლავ კრეიდამ შორიდან დაარტყა და ბურთი ქართველთა კარის ბადეში აღმოჩნდა. გოლი თამაშის კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანდა…

მეორე ტაიმის დასაწყისში არბიტრმა ესტონელი საირონ კოლო გააძევა მინდვრიდან. წესით ამას “იბერიას” სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა კიდევ უფრო უნდა გაეზარდა, მაგრამ მოხდა პირიქით. “ფლორამ” მწვავედ დაიწყო თამაში და სანდერ ალამაამ გაათანაბრა კიდეც - ასე გაქრა ორბურთიანი უპირატესობა.

ძალიან დასანანი იქნებოდა, “იბერიას” ეს თამაში რომ ვერ მოგვეგო. კიდევ კარგი, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მინიმალური ანგარიშით გამარჯვება მაინც შეძლო - გიორგი კუციამ კუთხური ჩააწოდა და ბაქარ ქარდავამ ახლო ძელთან თავურით დასწრებაზე ითამაშა - ეს იყო გამარჯვების გოლი!

დარჩენილ დროში “იბერიას” გატანა კიდევ შეგვეძლო და მართებდა კიდეც. ეგ იყო, თბილისურ გუნდს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე არ ეყო. შედეგი თავისთავად გარგია, მაგრამ საპასუხო, თბილისურ თამაშამდე “იბერიამ” ერთი-ორი კომპონენტი აშკარად უნდა გამოასწოროს.

რაც მთავარია, დემჩენკოს გუნდს მეტი აკურატულობა მართებს დაცვაში. ახლა თუ არა, ბრატისლავას “სლოვანთან” მაინც ძალიან გაჭირდება უკანა ხაზში ასეთი თამაშით. მეორეც - საგოლე მომენტები გაცილებით ყაირათიანად უნდა იქნას გამოყენებული.

უსათუოდ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მიუხედავად გასვლაზე მოპოვებული უპირატესობისა, “იბერიას” უპირატესობა მხოლოდ და მხოლოდ მინიმალურია. მინდორზე გუნდი ისე უნდა გავიდეს, თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება!..

← მთავარი