ფინეთის პრეზიდენტი: NATO-ს ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებს
NATO-ს ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებს შორ მანძილზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მოსკოვზე ზეწოლის გაზრდით, მოლაპარაკებების პროცესის განახლებას შეეწყობა ხელი. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა. ინფორმაციას AOL ავრცელებს.
სტუბის თქმით, უკრაინა ამჟამად ომის დაწყების შემდეგ ყველაზე ძლიერი პოზიციიდან მოქმედებს და სწორედ ამიტომ, NATO-ს წევრი სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.
“ვფიქრობ, [NATO-სყველა ლიდერი] ხვდება, რატომ აკეთებს ამას უკრაინა. ყველა თვლის, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლის გაზრდა”,— განაცხადა სტუბმა ანკარაში NATO-ს ლიდერების სამიტის წინა დღეს.
მისი შეფასებით, უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ნავთობსა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვნად შეცვალა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და, ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ხედვაც.
“ჩვენ საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ვართ უკრაინის საკითხში, რადგან ყველა, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ხედავენ, რომ უკრაინა ახლა ბრძოლის ველზე ლიდერობს.
ამან შეცვალა სტრატეგიული აზროვნება მათ შორის, ვინც მშვიდობის შუამავლობას ცდილობს”, — აღნიშნა მან.
ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა დღეს სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისით ომის განმავლობაში ყველაზე კარგ მდგომარეობაშია.
“უკრაინა სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური კუთხით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ომის დაწყებიდან ნებისმიერ ეტაპზე ყოფილა. სწორედ ამიტომ ვხედავთ რუსეთში მზარდ დაძაბულობას”, — თქვა ალექსანდრ სტუბმა.
პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშები მოსახლეობაზეც ახდენს გავლენას, — საწვავის დეფიციტისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე კრემლის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება თანდათანობით იზრდება.
“როდესაც ომი პირად ხასიათს იღებს… რუსეთის მოსახლეობა მის საწინააღმდეგოდ განეწყობა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მივუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას რაც, ვფიქრობ, ყველას ძალიან გვინდა”, — განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მოლაპარაკებების სურვილისა, ევროპა რუსეთის მხრიდან შესაძლო ჰიბრიდული თავდასხმებისა და სხვა პროვოკაციების მიმართ მზად უნდა იყოს.
“ვფიქრობ, რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ევროპაზე ჰიბრიდული თავდასხმები იქნება. ჩვენ ამას თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ ვემზადებით სცენარისთვის, როდესაც რუსეთს… შეიძლება ევროპაზე თავდასხმა მოუნდეს. ომის შემდეგ რუსეთი ჯარებს აღადგენს, განსაკუთრებით [ევროპის] ჩრდილოეთში. ჩვენ ეს ვიცით და ვხედავთ. ჩვენ რეალისტურად ვუყურებთ ამას”, — თქვა მან.
მისივე თქმით, ჩინეთთან გამართული შეხვედრისას ბირთვული ესკალაციის საკითხიც განიხილა და, როგორც ამბობს, პეკინმა ამ მიმართულებით მკაფიოდ გამოხატა უარყოფითი პოზიცია.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” — “ნამდვილ ომად” აქცია.