ფილიპინებში 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — 3 დაღუპული, ცუნამი და 138 აფტერშოკი
ფილიპინების სამხრეთ კუნძულ მინდანაოზე, ადგილობრივი დროით 07:37 საათზე, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი General Santos ქალაქის სანაპიროსთან, ზღვაში მდებარეობდა; კერის სიღრმე 10 კილომეტრი იყო. ბოლო ცნობებით, სტიქიამ სულ მცირე 3 ადამიანი იმსხვერპლა და 5 დააშავა.
მიწისძვრამ სერიოზული ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას — დაზიანდა მინიმუმ 37 შენობა, უმეტეს ნაწილში კომერციული. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ცნობილი ფასტ-ფუდის ქსელ Jollibee-ის რესტორნების ნანგრევები ჩანს. General Santos-ის საერთაშორისო აეროპორტი სტრუქტურის შემოწმების მიზნით დაიხურა.
ცუნამი და გაფრთხილებები
მიწისძვრის პირველ წუთებში ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა (Phivolcs) ცუნამის გაფრთხილება გამოსცა ფილიპინებისთვის, ინდონეზიასა და იაპონიისთვის. მინდანაოს 6 რაიონში ტალღები დაფიქსირდა — ყველაზე მაღალი 1.4 მეტრს მიაღწია. ინდონეზიამ და ავსტრალიამ გაფრთხილება უკვე გააუქმეს, ფილიპინებში კი ცუნამის საშიშროება კვლავ ძალაშია: ინსტრუმენტები ზღვის დონის ცვლილებას აფიქსირებს.
138 აფტერშოკი
მთავარი ბიძგის შემდეგ 138 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა — სიმძლავრე 1.3-დან 6.7 მაგნიტუდამდე. სტიქია ეპიცენტრიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ დავაოშიც კი შეიგრძნო.