← მთავარი
პოლიტიკა

პრორუსი ფიფიას თქმით, კრემლმა შესაძლოა 'რუსოფობიის' ხელშემწყობი ქართული კომპანიები აკრძალოს

13 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
პრორუსი ფიფიას თქმით, კრემლმა შესაძლოა 'რუსოფობიის' ხელშემწყობი ქართული კომპანიები აკრძალოს

საქართველოში რეგისტრირებული ღიად პრორუსული პარტიის ლიდერმა, მამუკა ფიფიამ Соловьёв LIVE-თან ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი განიხილავს 40-ზე მეტი ქართული კომპანიის აკრძალვას, რომლებიც, მისი თქმით, რუსეთში ნაშოვნი ფულით საქართველოში “რუსოფობიასთან” ერთად ანტირუსულ და ანტისამთავრობო აქციებს აფინანსებენ.

ფიფიას მიხედვით, ქართველმა “მშრომელებმა” მოითხოვეს იმ კომპანიებისთვის ყურადღების მიქცევა, რომლებიც რუსეთში მილიარდებს გამოიმუშავებენ და შემდეგ ქვეყანაში ანტირუსულ და ანტიქართულ საპროტესტო აქციებს აფინანსებენ “მთავრობის, ქართველი ხალხისა და ეკლესიის წინააღმდეგ”. 

“ეს კომპანიები საქართველოში რუსოფობიური განწყობების დაფინანსებაში არიან ჩართული.” – აღნიშნა მან და განმარტა, რომ აკრძალვა 40-ზე მეტ უდიდეს კომპანიას შეეხება: “სია კვლავ იზრდება, მაგრამ უკვე მოიცავს 40-ზე მეტ კომპანიას”.

“ეს კომპანიები, ძალიან დიდი კომპანიები, რა თქმა უნდა, წარმოადგენენ სამუშაო ადგილებს, ფერმერებს, მუშებს, ჩვეულებრივ ხალხს. საბოლოო ჯამში, ეს კომპანიები საქართველოს ბიუჯეტს წარმოადგენენ.” – ამბობს ის.

მოგვიანებით მამუკა ფიფიამ “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას განმარტა, რომ ამ კომპანიების სიამ “უკვე ყველა შესაძლო ინსტანცია გაიარა” და მედიას “ოფიციალური განცხადებისთვის” დალოდებისკენ მოუწოდა. 

პუტინისტი ფიფიას თქმით, “რუსეთი არ დაუშვებს, რომ ხალხმა აქ ფული იშოვოს და შემდეგ ეს ფული რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ”. 

“რუსეთი ამ ბერკეტებს უფრო და უფრო ძლიერად გამოიყენებს, ასე რომ, გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ და საერთო ენა ვიპოვოთ.” – დაამატა მან.

პროკრემლისტური Соловьёв LIVE-ის ეთერში პრორუსული პარტიის ლიდერმა ასევე გაიხსენა, რომ მსგავს პოლიტიკას კრემლი სომხეთის მიმართებითაც ატარებს: “სხვათა შორის, ვლადიმირ პუტინმა ახლახან თქვა, რომ ევროპაში ჩვენი ფულით ვერ წახვალთო, ასე არ არის? ასე არ თქვა? სომხეთთან დაკავშირებით.” 

ცნობისთვის, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის დაფინანსებას და გაიმეორა რუსეთის პოზიცია, რომ სომხეთი ერთდროულად EU-სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი. 

ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას
← მთავარი