← მთავარი
მსოფლიო

"წყლის შესვენებები" და შემოსავლები მსოფლიო ჩემპიონატიდან - ფიფამ მხოლოდ Fox Sports-თან და Telemundo-სთან ტელეკონტრაქტებით 950 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

19 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge

“წყლის შესვენებები” და შემოსავლები მსოფლიო ჩემპიონატიდან - ფიფამ მხოლოდ Fox Sports-თან და Telemundo-სთან ტელეკონტრაქტებით 950 მილიონი დოლარი გამოიმუშავასატელევიზიო უფლებების გაყიდვები ისტორიულად ფიფა-ს მთავარი ფინანსური საფუძველია, რის გამოც ამერიკის კონტინენტზე თამაშები მათი დროით 12:00 საათზე იწყება, რადგან პრიორიტეტი ევროპელი გულშემატკივრების დაინტერესებაა. 1970 წელს, მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპელი მაუწყებლების საამებლად, მატჩები განზრახ იყო დაგეგმილი შუადღისას, მცხუნვარე სიცხეში. ასევე მოხდა 1986 და 1994 წლების ფინალებში, რადგან ფეხბურთის ყველაზე მომგებიანი ტელემომხმარებელი სწორედ ევროპაა. მაგრამ მაღალ სიმაღლეზე თამაშისას ფეხბურთელები ცუდად ხდებოდნენ. 1994 წელს აშშ-ში პირველი ტურნირის დროს, ფიფა-მ ჯარიმები დააწესა მოედანზე წყლის ბოთლის უკანონოდ შეტანის ყველა მცდელობისთვის. ცვლილებები მხოლოდ 2014 წელს, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გახდა აშკარა: ნიდერლანდები-მექსიკის მატჩის დროს, ისტორიაში პირველად, მსაჯმა თამაში გიჟური სიცხის გამო შეაჩერა. სწორედ რეკლამებიდან მიღებული შემოსავლების “სურნელმა” აიძულა ფიფა, ახალი ხრიკი მოეგონებინა და თამაშების დროს წყლის შესვენებები დაენერგა. საფეხბურთო სამყაროს მთავარი პრეტენზია წმინდა სპორტულია: ფეხბურთი აგებულია მუდმივ დინამიკაზე, გამძლეობაზე და მოწინააღმდეგეზე ზეწოლის უნარზე, როდესაც ისინი ყველაზე უმწეო მდგომარეობაში არიან. ახლა ეს ბალანსი დაირღვა. თუ ფავორიტი გუნდი პრესინგით აუტსაიდერის დაცვას ანადგურებს, 22-ე ან 67-ე წუთზე სასტვენი დამცველი გუნდისთვის ხსნაა. ანუ ტაიმის შუაში ფიქსირებული სამწუთიანი პაუზა მთლიანად არღვევს თამაშის რიტმს და კლავს ფეხბურთს. “ფეხბურთი აღარ ეკუთვნის მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს. ის კონდიცირებულ ოფისებში მსაჯების მძევალი გახდა. “გაგრილების შესვენებებს” ფეხბურთელების ჯანმრთელობის დაცვის მოტივით ხსნიან. მაგრამ რეალურად ეს უბრალოდ სპონსორებისთვის აშენებული მოოქროვილი გალიაა. ვეკითხები ჩემს თავს: ვის ემსახურება ეს ჩემპიონატი? მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი მდინარესავით უნდა მოედინებოდეს, მაგრამ ჩვენ კაშხლებს ვაშენებთ მის შუაგულში რეკლამის ჩასართავად. ეს თამაშის სულისკვეთებას კლავს”, - ემოციურად რეაგირებს ფიფა-ს ინოვაციაზე “ლივერპულის” ყოფილი მწვრთნელი იურგენ კლოპი. კლოპის სისწორისა და ახალი რეალობის აბსოლუტური აბსურდულობის ნათელი ილუსტრაცია იყო ყატარი-შვეიცარიის მატჩის (1:1) დროს მომხდარი ინციდენტი. გუნდები 3-წუთიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდნენ მოედანზე, მაგრამ მსაჯმა თამაში დაბლოკა. მან მატჩის განახლება ერთ წუთზე მეტხანს არ დაუშვა, რადგან ამ დროს ამერიკული სატელევიზიო რეკლამა კვლავ გადიოდა ეთერში… ფიფა ათწლეულების განმავლობაში მკაცრად კრძალავდა მატჩების ნებისმიერ დაუგეგმავ შეჩერებას, სანამ არ მიხვდა, რომ ამით ფულის გამომუშავება შეიძლებოდა. რა თანხას შოულობენ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების მეოთხედებად დაყოფით? ამერიკულმა სატელევიზიო გიგანტებმა ფიფა-ს მარტივი ჭეშმარიტება აუხსნეს: თამაშის შუაში კანონიერი შეჩერება კომერციული რეკლამისთვის იდეალური, თავისუფალი ადგილია. მილიარდობით დოლარის პერსპექტივამ ფიფა-ს მაშინვე დაავიწყა საუკუნოვანი ტრადიციები და 22-ე და 67-ე წუთებზე სავალდებულო შესვენებები დააკანონა. სიცხის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ფულის შოვნის სქემის იდეალური საფარი აღმოჩნდა. ფიფა დიდი ხანია კომერციალიზაციით ცდილობს, არ ჩამორჩეს უეფა-ს. მიმდინარე კომერციულ ციკლში (2023-2026) კი ასტრონომიული, 13 მილიარდი დოლარის შემოსავალს ისახავს მიზნად. ამ გიგანტური შემოსავლის ლომის წილი ტრადიციულად მედიაუფლებების გაყიდვიდან მოდის - ორგანიზაცია მიმდინარე ტურნირის ტრანსლირებიდან დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის მოგებას ვარაუდობს, ხოლო შემდეგ ციკლში (2027-2030) - 6 მილიარდს მიუკაკუნებს. ვინაიდან ყოველი ტრანსლაცია სუფთა მოგებად გარდაიქმნება, ფიფა-მ ვერ გაუძლო შუა თამაშში ტაიმაუტების კომერციალიზაციის ცდუნებას. უფრო მეტიც, ეს უდიდესი მოგების წყარო გახდა პლანეტის ყველაზე გადახდისუნარიან მედიაბაზარზე - ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების შეერთებულ შტატებში ტრანსლირების უფლებები ორ გიგანტს შორის იყოფა: ერთია - ინგლისურენოვანი მაუწყებელი Fox Sports, რომელმაც თავისი პაკეტისთვის 485 მილიონი დოლარი გადაიხადა, და ესპანურენოვანი Telemundo, საიდანაც ფიფა-მ 465 მილიონი დოლარი მიიღო. მაუწყებლები ტურნირიდან შემოსავლის ყველა წყაროს ითვისებენ. მაგალითად, Fox-ის ხელმძღვანელებმა სამწუთიანი “წყლის შესვენების” სარეკლამო პაკეტის ფასი 7-9 მილიონ დოლარამდე გაზარდეს. მაუწყებლები მხოლოდ ტრადიციული რეკლამებიდან დაახლოებით 850 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ. ეს ადვილად ხსნის ყატარი-შვეიცარიის მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს. ტელევიზიას უბრალოდ არ შეუძლია რეკლამის წამიც კი დაკარგოს.მასალის გამოყენების პირობებიტეგები:მსოფლიო თასი 2026ფიფაშემოსავლებიმკითხველის კომენტარები / 0 /გააკეთე კომენტარი

← მთავარი