ფიცო და რადევი პრორუსებად რატომ აღიქმებიან? — ხატია დავლიანიძე ბულგარეთის კრიზისზე
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბულგარეთი ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ წევრ-სახელმწიფოდ იქცა — რვა საპარლამენტო არჩევნება ჩატარდა, კოალიციური მთავრობები კი ექვს-ცხრა თვეში იშლებოდა. 2025 წლის დეკემბერში სოფიაში მასშტაბური პროტესტი სამ კვირაში მიაღწია მიზანს — პრემიერმინისტრ როსენ ჟელიაზკოვი გადადგა.
საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების პლატფორმის მკვლევარი ხატია დავლიანიძე NEWS.On.ge-ს განუმარტა, რამ განაპირობა პრემიერის გადადგომა, რატომ ადარებენ ახალ პრემიერ რუმენ რადევს სლოვაკეთის ლიდერ რობერტ ფიცოს და რა ბედი ეწევა ანტიკორუფციულ რეფორმებს.
პროტესტი სიძლიერის ნიშანი იყო თუ სისუსტის?
ხატია დავლიანიძის შეფასებით, ეს ორივეა ერთდროულად — სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე და სამოქალაქო საზოგადოების ძლიერება. „ეს კოალიცია ნებისმიერ შემთხვევაში დაიშლებოდა, რადგან უნდობლობის ვოტუმს მეექვსედ ვეღარ გადაურჩებოდა. პარალელურად, ბოლო 25-30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართა ხალხმა”, — ამბობს ის.
ფიცო და რადევი — პრორუსობის ბრალდება
ორი მიზეზი განაპირობებს ამ შეფასებას: არც ერთი არ უჭერს მხარს სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას; ამასთანავე, არც ერთი რუსეთს ღიად არ მოიხსენიებს აგრესორად.
რადევს ემატება კიდევ ერთი ფაქტორი: ის ასახელებს 2026 წლის გაზაფხულზე ბულგარეთ-უკრაინის 10-წლიანი თავდაცვითი ხელშეკრულების გაუქმებას, რაც მისი წინასაარჩევნო კამპანიის ცენტრალური მოთხოვნა იყო. ამასთან, ენერგოდამოუკიდებლობაზე სპეკულირებს: „გაზპრომის” მიწოდების შეჩერების შემდეგ ბულგარეთმა სრული დივერსიფიკაცია მოახდინა და ახლა ნაკლებს იხდის, ვიდრე ადრე — მაგრამ რადევი მაინც ირწმუნება, რომ რუსული ენერგია უფრო იაფი იყო.
„ფიცოს განცხადებები ბევრად უფრო ხისტი გახლდათ, სანამ ორბანი ხელისუფლებაში იყო. ახლა ორბანი წავიდა და ფიცოც ირბილებს”, — განმარტავს დავლიანიძე.
კორუფცია — სტრუქტურული პრობლემა
ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოა — პრობლემა 90-იანი წლებიდან მომდინარეობს. ორი მთავარი ფიგურა — პარტია „გერბის” ლიდერი ბოიკო ბორისოვი და მედიაკონგლომერატის მფლობელი დელიან პეევსკი — ფაქტობრივად ბლოკავენ ნებისმიერ რეფორმას: „კორუფცია მხოლოდ მაღალ ეშელონებში კი არ არის, ყოველდღიურ ცხოვრებაშია გამჯდარი.”
ევროკავშირის პასუხი
დავლიანიძე მიიჩნევს, რომ ბრიუსელი ახლა ოპტიმისტურად არის განწყობილი — პირველად ამდენი წელია, ბულგარეთში ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას საპარლამენტო უმრავლესობა აქვს, რაც რეფორმების რეალურ შანსს ქმნის. „თუ პროცესი გაიწელება, ევროკავშირი უნგრეთის მსგავს პირობითობის მექანიზმს ამოქმედებს. ბულგარეთი ამას დიდხანს ვერ გაუძლებს”, — ამბობს ის.