7 ივლისს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თბილისში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო, ღია ჩვენებების მოწყობასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით სრულად აიკრძალება. საგზაო შეზღუდვები ძალაში შევა 7 ივლისის 23:00 საათიდან და 21 ივლისის 08:00 საათამდე იმოქმედებს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების გამოყენებისკენ მოუწოდებს.
უწყების განმარტებით, აღნიშნული დროის განმავლობაში ავტომობილები ვეღარ შეძლებენ მოძრაობას შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მასშტაბური სპორტული ღონისძიების გამო, ცვლილებები შეეხო საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც — კონკრეტულად კი, დროებით გადასხვაფერდება №359 ავტობუსისა და №457 მიკროავტობუსის მოძრაობის მიმართულებები.
“ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
დროებითი შეზღუდვა შეეხება მოედნის ტერიტორიას - შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ რუსთაველის გამზირიდან (ზეთის ხილის ხიდან) რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.
რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე და გზას გააგრძელებენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით. კოსტავას ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცვლილება შევა N359 ავტობუსისა და N457 მიკროავტობუსის მარშრუტში. N359 ავტობუსი მარჯანიშვილის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან აღარ შევა რესპუბლიკის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებს კოსტავას ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობისას მარშრუტი არ იცვლება.
ასევე, N457 მიკროავტობუსი მარჯანიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან აღარ შევა რესპუბლიკის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას მარშრუტი აქაც არ იცვლება, “ — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.