საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს და კიდევ 7 პირს ბრალდება წარედგინათ
საქართველოს პროკურატურამ სს “საქართველოს რკინიგზის” ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს და კიდევ 7 პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და დოკუმენტების გაყალბებას ეხება. უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემების შედეგად სახელმწიფო კომპანიას მრავალმილიონიანი ზიანი მიადგა. სუს: საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა — 6 პირი დააკავეს “საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზების, დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა”, — აღნიშნულია განცხადებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დანაშაულებრივი ქმედებები ჯერ კიდევ 2019 წლიდან დაიწყო და რკინიგზის კუთვნილი შავი ლითონის უკანონო რეალიზაციას უკავშირდებოდა. “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე, სს “საქართველოს რკინიგზის” იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად უნდა უზრუნველეყო სს “საქართველოს რკინიგზის” კუთვნილი ლითონის ჯართის შეგროვება, ტრანსპორტირება და დახარისხება შემდგომში რეალიზაციის მიზნით ისე, რომ ვერ მომხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, “საქართველოს რკინიგზის” სხვადასხვა ტერიტორიიდან, სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვილი ჯართის ნაწილის, დასაწყობების ნაცვლად, სატვირთო ავტომობილებით გატანა და შპს “ჯეოსთილის” საწარმოში ჩაბარება. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მზადდებოდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები”, — წერია განცხადებაში. გამოძიების ინფორმაციით, ამ გზით ჯგუფის წევრებმა 22 ათას ტონაზე მეტი ჯართი მიითვისეს, რამაც კომპანიას კოლოსალური ზარალი მიაყენა. “დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020-2021 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, “საქართველოს რკინიგზის” კუთვნილი 22 120 ტონა ლითონის ჯართს დაეუფლნენ, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ რეალიზდა შპს “ჯეოსთილზე”, ხოლო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აკუმულირდებოდა სქემაში ჩართული მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება. შესაბამისად, “საქართველოს რკინიგზას” დიდი ოდენობით 17 391 121 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა”, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში. გარდა ჯართის საქმისა, პროკურატურა დავით ფერაძეს 2022 წელს კიდევ ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბებასა და რელსების სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს. “ასევე, 2022 წელს დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი და 2022 წლის 29 აპრილს, სს “საქართველოს რკინიგზასა” და შპს “რაველდს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სააქციო საზოგადოებამ მიმწოდებლისგან შეისყიდა ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურება. სამუშაოების მიმდინარეობისას, დავით ფერაძის მითითებითა და ორგანიზებით, “საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის ფილიალის იმჟამინდელ დირექტორისა და მიმწოდებლის დირექტორის მიერ, მიღება-ჩაბარების აქტებში ყალბი მონაცემები ჩაიწერა, რის საფუძველზეც შპს “რაველდიმ” “საქართველოს რკინიგზისაგან” ზედმეტად 403 844,69 ლარი მიიღო. შედეგად “საქართველოს რკინიგზას” მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი”, — აღნიშნულია განცხადებაში. ბრალდებულებს, მათ შორის ორ პირს, რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. “დაკავებულებსა და ასევე, დაუსწრებლად ორ პირს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზების, დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, — წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე სამართლებრივი პროცედურები და გამოძიება გრძელდება. ყოფილი მაღალჩინოსნებისა და სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო უახლოეს ხანებში იმსჯელებს. “პუბლიკას” ინფორმაციით, “საქართველოს რკინიგზის” ყოფილ დირექტორ დავით ფერაძესთან ერთად ძებნა გამოცხადდა ზაზა ბიძინაშვილზე. მათივე ინფორმაციით, საქმეზე ბრალდებულები არიან: დავით ფერაძე — “რკინიგზის” ყოფილი დირექტორი; გიორგი მარუქაშვილი — “რიკინიგზის” ინფრასტრუქტურის ყოფილი დირექტორი; მალხაზ ომარაშვილი — შპს “კახეთის” დამფუძნებელი და დირექტორი; გიორგი კურტანიძე — შპს ნოვა ტრანსის დამფუძნებელი და დირექტორი; ალექსანდრე ტორიაშვილი — შპს “ჯადექსას” დამფუძნებელი და დირექტორი; ზაზა ბიძინაშვილი — შპს სამშენებლო-სარემონტო კომპანია “ხურო”; ანზორ ჯამალაშვილი — შპს “გრანდ კახეთი”; რევაზ რევაზიშვილი — შპს “რაველდის” დირექტორი. რა ქონებას ფლობს ძებნაში მყოფი რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე? ცნობისთვის, 2017 წლის 22 ნოემბერს დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი გახდა და ის პოსტს 2025 წლის 7 მაისამდე იკავებდა. წარსულში ფერაძე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ “თანაინვესტირების ფონდში” მუშაობდა და “მტკვარი ჰესის” დირექტორი იყო. “თანაინვესტირების ფონდის” ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა. ამას გარდა, ბაჩიაშვილს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც. ბაჩიაშვილმა საპატიმრო ვადაზე ადრე, 2025 წლის 11 თებერვალს დატოვა, მას შემდეგ, რაც პროკურატურის განცხადებით, ბაჩიაშვილმა “სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან — აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე.”