← მთავარი
მსოფლიო

FOX News: FBI-მ თეთრი სახლის UFC-ის ღონისძიებაზე დრონით თავდასხმა აღკვეთა

16 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
FOX News: FBI-მ თეთრი სახლის UFC-ის ღონისძიებაზე დრონით თავდასხმა აღკვეთა

FOX News-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI) თეთრ სახლში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე სავარაუდო დრონით თავდასხმა აღკვეთა.

როგორც FOX-ი წერს, 15 ივნისისთვის საქმესთან დაკავშირებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 5 ადამიანი. ამავე ცნობით, გამომძიებლებმა დაადგინეს კიდევ 23 პირი, რომლებიც სავარაუდო შეთქმულთა ქსელის წევრებად მიიჩნევიან. ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდო გეგმა ითვალისწინებდა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონების გამოყენებას იმ შენობაზე თავდასასხმელად, რომლებიც ღონისძიების ლოკაციის მახლობლად მდებარეობდა. როგორც წყაროები ამბობენ, მიზანი მასობრივი ევაკუაციის დაწყება იყო, რათა შემდეგ ეტაპზე სნაიპერები ამოქმედებულიყვნენ. პარალელურად, როგორც FOX-ის წყაროები ირწმუნებიან, დრონების მეორე ნაკადს თეთრი სახლის კარიბჭისთვის უნდა დაერტყა.

როგორც FOX-ი წერს, FBI-მ საფრთხის შესახებ პირველად 10 ივნისს შეიტყო და პარტნიორ უწყებებთან ერთად იმუშავა, რათა დაკავებისთვის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი მოეპოვებინა. შედეგად, ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.

გამომძიებლებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს Signal-ის ჩატები, რომლებშიც, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი UFC-ის ღონისძიებაზე თავდასხმას განიხილავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის iPhone-ის პირველადი შემოწმების შედეგად გამოვლინდა სულ მცირე 23 Signal-ის მომხმარებელი, რომლებიც სავარაუდო ოპერაციის მოსამზადებელ საქმიანობას განიხილავდნენ.

FOX-ი წერს, რომ ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მიზანი იყო “კაპიტალისტური ელიტების”, “მილიარდერების” ან იმ პოლიტიკოსების სამიზნედ ქცევა, რომლებიც შემოწირულობებს იღებდნენ ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტისგან (AIPAC).

FBI-ის დირექტორმა კაშ პატელმა FBI-ს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტისა (DOJ) და სამართალდამცავ პარტნიორ უწყებების დამსახურება აღნიშნა იმისთვის, რომ მათ რამდენიმე შტატში სწრაფად იმოქმედეს და სავარაუდო თავდასხმის აღკვეთა შეძლეს.

“FBI-ის, ჩვენი პარტნიორებისა და იუსტიციის დეპარტამენტის სწრაფი მოქმედების წყალობით, მრავალშტატიანი ოპერაციის ფარგლებში, რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია და სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმები სრულად იქნა აღკვეთილი,” - უთხრა პატელმა Fox News Digital-ს.

პატელის თქმით, ამ ოპერაციამ აჩვენა FBI-ის უნარი, სწრაფად უპასუხოს საფრთხეებს.

“მიუხედავად იმისა, რომ შედეგი საგამოძიებო საქმიანობის საუკეთესო მაგალითი იყო, ამ სამართალდამცავი გუნდისთვის ეს არაფრით გამორჩეული შემთხვევა არ ყოფილა… “ჩვენ შექმნილნი ვართ იმისთვის, რომ გამოვავლინოთ, ვუპასუხოთ და მართლმსაჯულების წინაშე წარვადგინოთ ისინი, ვინც ამერიკის მოქალაქეების სიცოცხლეს ემუქრება - განსაკუთრებით ისეთი მასშტაბური შეკრებების დროს, როგორიც იყო ისტორიული UFC 250-ის ღონისძიება. სწორედ ეს გავაკეთეთ ამ შემთხვევაშიც.” - თქვა პატელმა.

← მთავარი