← მთავარი
სამართალი

FBI-ის მიერ ძებნილი რუსი ქალი თბილისის აეროპორტში დააკავეს — ბრალდება ავიაციის ნაწილების უკანონო ექსპორტში

5 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge · civil.ge
FBI-ის მიერ ძებნილი რუსი ქალი თბილისის აეროპორტში დააკავეს — ბრალდება ავიაციის ნაწილების უკანონო ექსპორტში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში FBI-სთან მჭიდრო კოორდინაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა.

დაკავებული — რუსეთის მოქალაქე ქალი — FBI-ს მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობის, შეთქმულებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. ადვოკატ ბექა ნემსიწვერაძის განცხადებით, ძებნის მიზეზი სანქცირებული საავიაციო ნაწილების ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტ-ექსპორტია.

„დაკავებული არის ერთი ადამიანი, რომელიც ინტერპოლის მიერ არის ძებნილი. გახლავთ რუსეთის მოქალაქე. მის მიმართ არსებობს ამერიკაში კითხვები სანქცირებული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებით. გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში და დაკავებული იქნა თბილისის აეროპორტში. მისთვის ეს მოულოდნელი იყო, რადგან არ იყო ცნობილი ამერიკაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ”, — განაცხადა ადვოკატმა.

შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ამ ოპერაციამდე ერთი დღით ადრე, 4 ივნისს, გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ამერიკის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ მარკ ნორდბერგს შეხვდა. ამერიკულმა მხარემ მადლობა გადაუხადა პროკურატურას „მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები”.

← მთავარი