20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის მის ბიძაშვილს, ემინ ალიევს ბრალი წარედგინა
პროკურატურამ 20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობაში ბრალდებულს, ემინ ალიევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მოკლული ქალის ბიძაშვილი, როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, სავარაუდოდ, თურქეთში გაიქცა.
უწყების ინფორმაციით, 3 ივნისიდან 25 ივნისის ემინ ალიევი ფატიმა კარიმოვას უკრძალავდა ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას და სახლიდან გამოსვლას.
“ფატიმა კარიმოვა ცდილობდა დაეტოვებინა ემინ ალიევის მიერ ნაქირავები, მათი საერთო საცხოვრებელი ბინა, თუმცა აღნიშნულის საშუალება მას ემინ ალიევისაგან დამოუკიდებლად არ ჰქონდა, ვინაიდან ემინ ალიევი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს მისი სახლიდან გაშვების, სხვა პირებთან კომუნიკაციისა და კვებასთან დაკავშირებულ საკითხებშიც კი, რითაც ემინ ალიევი ფატიმა კარიმოვასთვის თავისი, როგორც მამაკაცის უპირატესობის დამტკიცებას უკანონოდ ცდილობდა,” — წერს პროკურატურა.
გამოძიების თანახმად, ემინ ალიევმა 25 ივნისის ღამეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით ფატიმა კარიმოვა გაგუდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტით (მკვლელობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რა ვიცით 20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობაზე?
26 ივნისს, მას შემდეგ, რაც 20 წლის ფატიმა კერიმოვა დის ზარებს არ პასუხობდა, პოლიციელებმა მისი გვამი სახლში იპოვეს.
ფატიმა კერიმოვას დამ, ზულეიხა კერიმოვამ “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ ეს ბიძაშვილის მხრიდან ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. დებს მშობლები გარდაცვლილი ჰყავთ, ფატიმამ შეყვარებულთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა და მუშაობა გადაწყვიტა. გარდაცვლილის დის თქმით, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, შეყვარებულმა ფატიმაზე ფიზიკური ძალადობა დაიწყო. ამის შემდეგ, კერიმოვას ნაცნობები დაეხმარნენ, რომ მამის მხრიდან ბიძაშვილს დაჰკონტაქტებოდა და შველა ეთხოვა. გარდაცვლილი გოგოს დის თქმით, ბიძაშვილი თბილისში 3 ივნისს ჩამოვიდა და ამის შემდეგ ფატიმაზე ისიც ძალადობდა.
20 წლის ფატიმა კერიმოვა ბიძაშვილმა, სავარაუდოდ, ღირსების აღდგენის მოტივით მოკლა