შერიგების წარუმატებელი მცდელობა ბექჰემების ოჯახში - "ბრუკლინთან მისი და მივიდა, თუმცა რამდენიმე წამში უკან წამოვიდა"
ბექჰემების ოჯახში არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, 14 წლის ჰარპერ ბექჰემი, როგორც ჩანს, ძმასთან, ბრუკლინ ბექჰემთან დაკავშირებას შეეცადა. Page Six-ის ინფორმაციით, ვიქტორია და დევიდ ბექჰემების უმცროსი ქალიშვილი ლოს-ანჯელესში, ბევერლი ჰილზში მდებარე ბრუკლინისა და მისი მეუღლის, ნიკოლა პელცის, სახლთან შენიშნეს. გამოცემის მიერ მოპოვებულ ფოტოებში ჩანს, რომ ჰარპერი საცხოვრებელთან ჯიპით მივიდა, თუმცა იქ მხოლოდ რამდენიმე წამი დაყო და მალევე წავიდა.
წყაროს ცნობით, იმ დროს სახლში არც ბრუკლინი და არც ნიკოლა არ იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, წყვილი ქალაქგარეთ იყო, რის გამოც შეხვედრა ვერ შედგა.
ჰარპერის ვიზიტი იმავე დღეს შედგა, როდესაც ის ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მამას, დევიდ ბექჰემს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე ახლდა. ღონისძიებას ბექჰემების ოჯახის თითქმის ყველა წევრი ესწრებოდა, თუმცა ბრუკლინი და ნიკოლა კვლავ არ გამოჩენილან.
ოჯახში დაძაბულობა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ბრუკლინ ბექჰემსა და მის მშობლებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სხვადასხვა გამოცემებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა წყვილსა და ბექჰემების ოჯახს შორის უთანხმოება არსებობდა.
მედიის ცნობით, ბრუკლინი და ნიკოლა ფიქრობენ, რომ მათ მიმართ უსამართლო დამოკიდებულება არსებობდა, ხოლო ოჯახის წევრები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ბრუკლინი ძალიან ენატრებათ და ურთიერთობის აღდგენა სურთ. წყაროების ინფორმაციით, მიუხედავად კონფლიქტისა, დევიდისა და ვიქტორია ბექჰემების ოჯახს იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში ურთიერთობები გამოსწორდება. ამ ფონზე, ჰარპერის მოულოდნელი ვიზიტი ბევრმა ოჯახის შერიგების შესაძლო მცდელობად შეაფასა. წყარო