← მთავარი
მსოფლიო

ევროკავშირმა ნავალნის სიკვდილში მონაწილე ექვსი პირის მიმართ სანქციები დააწესა

3 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ევროკავშირმა ნავალნის სიკვდილში მონაწილე ექვსი პირის მიმართ სანქციები დააწესა

ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა ექვს პირს, რომელთა უმეტესობა მეცნიერები და მკვლევრები არიან და რომლებიც მონაწილეობდნენ კრემლის ოპონენტის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამომწვევი შხამის შემუშავებაში.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები მონაწილეობდნენ ქიმიური იარაღის, კერძოდ, ეპიბატიდინის შემუშავებაში, რომელიც პოლიტიკოსის სიკვდილის შემდეგ აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა. ტოქსინი სამხრეთ ამერიკაში შხამიან ბაყაყებში გვხვდება და რუსეთში ბუნებრივად არ მოიპოვება.

რუსეთმა მოითხოვა, რომ ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც მოსკოვს ნავალნის მოწამვლაში ადანაშაულებენ, წარმოადგინონ კონკრეტული მონაცემები მათი ბრალდებების დასადასტურებლად.

სანქციების პროგრამის ფარგლებში ჩამოთვლილი პირები ექვემდებარებიან აქტივების გაყინვას და ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას.

რუსი პოლიტიკოსი და კრემლის ოპონენტი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა 2024 წლის 16 თებერვალს, იამალო-ნენეცის ოლქის ნომერ მესამე გამოსასწორებელი კოლონიის კამერაში. რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ პოლიტიკოსის სიკვდილი “ბუნებრივმა მიზეზებმა” გამოიწვია.

ნავალნის თანამებრძოლები მისი სიკვდილიდან პირველივე დღეებში აცხადებდნენ, რომ ის, დიდი ალბათობით, მოკლეს - და მიუთითებდნენ, მათ შორის, ნავალნის მოწამვლის შემთხვევაზე 2020 წელს. მაშინ დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოწამლეს ტოქსიკური ნივთიერება “ნოვიჩოკით”. დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდის ლაბორატორიებში შეისწავლეს პოლიტიკოსის ბიომასალების ნიმუშები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ იგი მოკლეს სამხრეთამერიკული ბაყაყის შხამით.

← მთავარი